ზუგდიდში, სავარაუდოდ, გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია დააკავეს

პუბლიკა

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს შორის მოხდა. სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩასვეს და, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე გადაიყვანეს აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ენმ-ის წევრი ნიკა ნარსია.

გიორგი მუმლაძე დამკვირვებელია „აჭარის განვითარების ცენტრიდან“. პოლიციელებმა გიორგი მუმლაძე, რომელიც გამოკითხვაზე უნდა გადაეყვანათ, წინააღმდეგობის გაწევის გამო მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში სამართალდამცველებმა ნიკა ნარსიაც.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს, რამდენი პირი და რა მუხლითაა დაკავებული. ინფორმაციას მიღებისთანავე განვაახლებთ.

პოლიციაში გადაყვანამდე ნარსიამ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ დაპირისპირება სიებიანი კოორდინატორების აღმოჩენას მოჰყვა.

მისი თქმით, უბანთან ახლოს ავტომანქანაში დაინახეს ქალბატონები სიებით და გარკვეული თანხით ხელში და დაინტერესდნენ, რას აკეთებდნენ ისინი იქ. ამის შემდეგ, როგორც ნარსია აღწერს, მოვიდა აგრესიული მამაკაცი და ერთ-ერთ დამკვირვებელს, ბექა პაპაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს პირი, რომელსაც დამკვირვებლები ადანაშაულებენ. „დავუჯიკავე“, – ამბობს ის. მედიის კადრებიდან ირკვევა, რომ პირი პოლიციამ ტერიტორიას გაარიდა.

გიორგი მუმლაძე, რომელიც ამბობს, რომ დამკვირვებელია „აჭარის განვითარების ცენტრიდან“, მედიასთან ჰყვება, რომ ასევე დამკვირვებელმა ბექა პაპაშვილმა შეამჩნია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი და დაინტერესდა, რას აკეთებდნენ სიებიანი ადამიანები უბანთან.

„რამდენიმე, ე.წ. მოკრიმინალო ელემენტი მოვარდა ამ ინციდენტის შემდეგ და გვითხრეს, რომ ეს ჩვენი ქალაქია და აქ რა გინდათო. ესენი არიან ჩვეულებრივი სეპარატისტები, სეპარატისტული განწყობა აქვთ. ქუჩაში ვინც გვიპირისპირდებოდა, ადამიანი ყვიროდნენ, რომ თითქოს სხვა საქართველოა, ამას არ დავუშვებთ, დავიცავთ ხმებს“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

გიორგი მუმლაძის ამ განცხადების შემდეგ დაიწყო მეორე დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე.

აქ მივიდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა წოწერია, რომელმაც განაცხადა, რომ მუმლაძემ ზუგდიდელები დაადანაშაულა სეპარატიზმში.

„ქალაქი და მუნიციპალიტეტი, რომელსაც ეროვნული ერთობისთვის სისხლი უღვრია, აფხაზეთიდან 300 ათასი დევნილი ერთ დღეში მიიღო და წლების განმავლობაში შეიფარა. ამ მუნიციპალიტეტს სეპარატიზმში ადანაშაულებს ენმ-ის აქტივისტი. არცერთი ზუგდიდელი არ მისცემს ამის უფლებას, მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე“, – განაცხადა მან.

გიორგი მუმლაძემ კი მოგვიანებით განმარტა, რომ ზუგდიდზე არ უთქვამს ეს და მან მოიხსენია მხოლოდ კონკრეტული ჯგუფი, რომელიც, მისი აზრით, ხელს უწყობს სეპარატიზმს.