ზურა ჯაფარიძე 3000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

პარტია „გირჩის”ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე 3000 ლარით დააჯარიმეს. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ის საგანგებო მდგომარეობის დროს შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა.

„გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა!”, – დღეს პარტია „გირჩმა“ ამ მოთხოვნით იპოდრომზე აქციას გამართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

პარტიის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი განყოფილებაში გადაიყვანეს.

აქციის რამდენიმე მონაწილე კი სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

„პუბლიკა“ ინფორმაციის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტოს დაუკავშირდა. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა.

მათი მოთხოვნებია:
1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება;
2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა;
3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა;
4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა;
5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა
6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა;
7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა;
8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა;
9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა
10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო;