ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ბრალი წარუდგინეს.
ახლა სასამართლომ უნდა განიხილოს, რა აღკვეთის ღონისძიებას გამოიყენებს მის მიმართ. ყველა სხვა ადამიანს, ვინც კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადა, სასამართლომ გირაო შეუფარდა.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ამბობს, რომ დაპატიმრებას არ გამორიცხავს, ვინაიდან არც გირაოს გადახდას აპირებს.
„მასალები გადმომცეს. რასაც გადავხედე, არის ვოთსაპში არის ჩემი მიმოწერები, რომლითაც მეძახიან კომისიის სხდომაზე. არის ჩემი პოსტი, სადაც „ვაი, თქვე **ებო“ მიწერია, ეგ არის 80-იანი ფონტით ამობეჭდილი და დევს მასალებში. გირაოში 1 ლარის გადამხდელი მე არ ვარ. პასპორტი შეიძლება ჩამომართვან, იმიტომ, რომ ჩემი ბოლო 4 გასვლა დაემთხვა იმას, რომ აქ ვიღაცები დაასანქცირეს და შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს ჩემი დამსახურებაა. არის ჩემი დამსახურება, მაგრამ ვიზიტებთან კავშირში არ არის. არც ეგ [პასპორტის ჩამორთმევა] არ არის პრობლემა. მე არსად ამ ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, არასდროს არ წავსულვარ, არსად არ მიცხოვრია, აქ ვცხოვრობ და ვაპირებ, ჩემმა შვილებმაც აქ იცხოვრონ“, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შექმნილი აქვს ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
„ოცნების“ განცხადებით, „კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა თუ წარდგინებებს“.
27 მარტს „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „ოცნების” საგამოძიებო კომისიის მანდატს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გაავრცელებენ, რათა მისი „საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტიკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით“.
რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გამოძიება იწყება სსკ-ის 349-ე მუხლით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების 3 წლამდე ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.
ბრალი უკვე წარუდგინეს და გირაო შეუფარდეს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს და გივი თარგამაძეს. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ნიკა გვარამია.