ზურა ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს დეპუტატის მანდატი შეუჩერდათ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა ორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს – „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს.

საკითხის განხილვას საფუძვლად დაედო თავად დეპუტატების მიმართვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის შემდეგ, თავდაპირველად 31 ოქტომბერს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს დატოვებს, რადგან, მისი თქმით, „აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომლებიც ზურგში დანას გირტყამენ და ხმას გართმევენ“. მას პარლამენტში ადგილმონაცვლე არ ეყოლება, რადგან ცესკოში პარტიის საარჩევნო სია რეგისტრაციიდან მოიხსნა.

1 ნოემბერს განაცხადა პარლამენტის დატოვების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ. მისი ადგილმონაცვლე „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო იქნება, რომელმაც „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში შევა.

აღსანიშნავია, რომ დაიშლება 2 ფრაქცია – „ლელო“ და „რეფორმების ჯგუფი“.

რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნისთვის საჭიროა 7 დეპუტატი, ჯაფარიძისა და ხაზარაძის გამოკლებით ფრაქციებში კი 6-6 წევრი რჩება.


ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადეს ენმ-ის წევრებმა ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ, თუმცა მათ ოფიციალური განცხადება არ შეუტანიათ, რადგან 2 ნოემბერს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მანდატების დატოვებამდე ფრაქციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაში. მანამდე ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი მამუკა ხაზარაძემ დატოვა, საკანონმდებლო ორგანოში რჩება ფრაქცია „ლელო“, რომელმაც საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა დააზუსტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.