ზურაბ ცეცხლაძე: ვამზადებთ სარჩელს შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო მსჯავრდადებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, სარჩელს შეიტანენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ ზვიად ცეცხლაძეზე გაკეთებული დეზინფორმაციული განცხადებების გამო.

შალვა პაპუაშვილმა ზვიად ცეცხლაძეს რამდენჯერმე უწოდა „ტერორისტი“. ზვიად ცეცხლაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით იყო დაკავებული. სასამართლომ პროკურატურის ბრალდება გადააკვალიფიცირა, დამნაშავედ ცნო ჯგუფური მოქმედების ორგანიზების მუხლით და 2.5 წელი მიუსაჯა.

„ევროკავშირის ელჩს ჩემმა შვილმა მისწერა წერილი, რითაც მოითხოვდა, არ გაეუქმებინათ ვიზალიბერალიზაცია და ევროსაბჭოდან არ გამოვეძევებინეთ. ეს პოზიცია თანხვედრაში იყო რეჟიმის პოზიციასთანაც, რეჟიმი თავად ამბობდა, რომ არ უნდოდათ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა და თითქოს, ოპოზიცია მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია წაერთვათ.

შემდგომ ევროკავშირის ელჩისგან გამოიგზავნა წერილი ციხეში, სადაც ძალიან კორექტულად, აბსოლუტურად სამართლიანად იყო აღნიშნული, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წუხდნენ, რომ ქვეყანა ევროპულ გზას ასცდა და ა.შ.

ამ წერილის გამო დე ფაქტო პარლამენტის, თვითმარქვია პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი გამოვიდა და ჩემს შვილს უწოდა ტერორისტი. ვციტირებ: „ევროკავშირის ელჩი იცლის იმისთვის, რომ ციხეში ტერორისტს მისწეროს წერილიო“.

მე ძალიან გამაბრაზა ამ თემამ, იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, აბსოლუტურად არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება მის სიტყვებს.

ადამიანი უაპელაციოდ უწოდებს ტერორისტს ჩემს შვილს, მაშინ, როცა ტერორიზმის მუხლით არ იყო გასამართლებული და ის მუხლიც კი, რომელიც ბრალად ჰქონდა წარდგენილი, შეუცვალეს მსუბუქი მუხლით.

გამომდინარე აქედან, მოველაპარაკე ზვიადს, გუშინ შეხვედრა გვქონდა და ვამზადებთ სარჩელს პაპუაშვილის წინააღმდეგ, რომ ბოდიში მოვახდევინოთ იმ ამაზრზენი სიტყვებისთვის, რომლებსაც ჩემს შვილს, 20 წლის ბიჭს უწოდებს.

პაპუაშვილს მივმართავ, თუ ჩემი შვილი ტერორისტია, რატომ არ მიუსაჯეს 20 წელი ან სამუდამო, არაა სახიფათო ეს ბიჭი, წელიწად-ნახევარში რომ გამოვა ციხიდან, ეს დიდი „ტერორისტი“, რომელიც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შესანიშნავი სტუდენტია, რომელიც გრანტით მოეწყო უნივერსიტეტში, რომელიც სკოლაში სწავლის დროს საუკეთესო მოსწავლეთა გუნდის წევრი იყო – სკოლა მედალზე დაამთავრა, კონფლიქტი თავის ცხოვრებაში არავისთან ჰქონია, ჰუმანიზმის, სინდისის ადამიანი იყო. მას უაპელაციოდ ტერორისტს უწოდებთ, აუცილებლად მოგიწევთ სასამართლოში პასუხის გაცემა, ბატონო პაპუაშვილო. არ გეგონოთ, რომ ეგ თანამდებობა სამუდამოა თქვენთვის“, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე.