„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. ჯაფარიძეს ბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს.
ჯაფარიძეს სასამართლომ „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.
ზურაბ ჯაფარიძე სხდომაზე ბოლოს ადვოკატების გარეშე იმყოფებოდა. მისმა ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს დარბაზის შეცვლა სხდომის დაწყების დროსაც სთხოვეს და საღამოსაც. მოსამართლემ აღნიშნულზე უარი თქვა, რის შემდეგაც ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას აპირებდა, თუმცა ზურაბ ჯაფარიძემ მოსამართლეს ადვოკატის დანიშვნის თხოვნით მიმართა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ზურაბ ჯაფარიძის შუამდგომლობა ადვოკატის დანიშვნაზე არ დააკმაყოფილოს. მისი განმარტებით, დაცვის მხარე საქმის გაჭიანურებას ცდილობს.
მოსამართლის განმარტების გამოცხადებისას ზურა ჯაფარიძის დაცვის სურვილი სხდომაზევე გამოთქვა ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა, რასაც ჯაფარიძეც დაეთანხმა. ქეთი ჩომახაშვილმა მასალების გასაცნობად სხდომის გადადება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა. ამის შემდეგ სხდომათა დარბაზი ქეთი ჩომახაშვილმაც დატოვა.
პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, არსებობდა საფუძველი, რომ ზურაბ ჯაფარიძის მიმართ შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიება, რადგან „მან უგულებელყო სასამართლოს განჩინება, არ შეასრულა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება“, არ გადუახდია გირაო და არც ქონებით უზრუნველყოფა გაუკეთებია.
„აქედან გამომდინარე, ვინაიდან მისთვის არაფერს წარმოადგენს კანონი და მიზანმიმართულად, ამას საჯაროდაც აცხადებს, გამიზნულად არ ასრულებს სასამართლოს განჩინებას, ეს არის ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა პატიმრობით“, – თქვა პროკურორმა.
სასამართლოსთან დილიდან შეკრებილები იყვნენ ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერები. მათი ნაწილი მანდატურებმა ეზოში არ შეუშვეს. სასამართლოს შიდა ტერიტორიაზეც და ეზოსთანაც პოლიცია იყო მობილიზებული. დღის განმავლობაში სასამართლოსთან სამი ადამიანი დააკავეს. „პუბლიკა“ ამ საკითხზე დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.
14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
წულუკიანის კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.