თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი ჩატარდა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს და დაიკითხა საქმის გამომძიებელი სალომე შიოშვილი.
სალომე შიოშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც პროკურატურაში პარლამენტიდან მიმართვა შევიდა.
გამომძიებლის თქმით, გამოკითხნენ მოწმეები, რომელთაც, შესაძლოა, საქმეზე ინფორმაცია ჰქონოდათ, ამ ინფორმაციის საფუძველზე კი ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა „ინტერნეტ ვებგვერდების დათვალიერება, თავად ჯაფარიძის სოციალური ქსელების დათვალიერება, პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის დათვალიერება, ინფორმაციის გამოთხოვა მოწმის ტელეფონიდან და ტელევიზიებში გავრცელებულ ინფორმაციების დათვალიერება და ა.შ.“
მისივე თქმით, მოიპოვა საგამოძიებო კომისიის სხდომების საოქმო ჩანაწერი, მათ შორის, იმ სხდომის, რომელზეც გიორგი გახარიას გაესაუბრნენ. მოწმემ განმარტა, რომ ამ სხდომაზე განაცხადეს ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურის მიმართვის თაობაზე.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის მუხლი ადმინისტრაციულ კოდექსშიცაა და სახდელის სახით თვალისწინებს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით.
მოწმის დაკითხვისას ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი დაინტერესდა, ბრალდების მხარეს ხომ არ ჰქონია კონსულტაცია, რომ საკითხი ადმინისტრაციული კოდექსით გამოძიებულიყო.
გამომძიებლის თქმით, ეს მუხლი ადმინისტრაციული კოდექსით დასჯადი გახდა 1995 წელს, ხოლოს სისხლის სამართლის კოდექსით – 1999 წელს. მისივე განმარტებით, უპირატესობა ბოლოს მიღებულ კანონს ენიჭება.
ადვოკატის შეფასებით, როდესაც არსებობს ორი ალტერნატიული მუხლი, სახელმწიფომ უნდა იხელმძღვანელოს იმ მუხლით, რომელიც ბრალდებულისთვის უფრო სასიკეთოა და გამოძიების სისხლის სამართლის კოდექსით დაწყება კონსტიტუციისა და ევროკონვენციის დარღვევაა.
ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს უდაოდ გახდიან, რათა საქმე მალე დასრულდეს.
მოწმის დაკითხვამდე, შესავალ სიტყვაში ადვოკატმა განაცხადა, რომ კომისიის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ, ვინაიდან კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს და ამ კომისიის შემადგენლობა, რომელშიც „ოცნების“ 5 წევრია, ორი „ხალხის ძალიდან“, ერთი კი – „ევროპელი სოციალისტების“, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ადვოკატმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიმართა, რომ მას აქვს შესაძლებლობა, შეაჩეროს სისხლის სამართლის საქმის განხილვა და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაადგინოს, შეესაბამება თუ არა ეს კონსტიტუციას.
ირაკლი ჩომახაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, დაკითხვა სურს და მისი მოწმეთა სიიდან ამორიცხვით სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა. თეა წულუკიანთან აქვთ შეკითხვა, რატომ მიმართა სისხლის სამართლის საქმის დაწყებაზე და არ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული კოდექსით.
ადვოკატის შეფასებით, ამ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკური ნიშანი აქვს.
პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, მხარეს 5 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის – პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანთან კი შეკითხვები არ აქვს, რადგან გამოძიებამ საქმეში საჭირო ყველა მტკიცებულება მოიპოვა.
მომდევნო პროცესი 17 ივნისს, 11:00-ზე დაინიშნა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქმეზე ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.
მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვალა. ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლო დარბაზში დააკავეს.