ზურაბ ზვიადაურს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. უწყება ზვიადურს ედავება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარებას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის 16 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (.38 Special) კალიბრის ,,WEBLEY SCOTT LTD” კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ექვსი ქარხნული წესით დამზადებულ, 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზვიადაური 2021 წელსაც იყო დაკავებული. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მაშინ პროკურატურა აცხადებდა, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.
„ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს, სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ“- წერდა უწყება.
2021 წლის 29 ნოემბერს, თელავის სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა – გირაოთი შეუცვალა.