ზურაბიშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო წუხილს გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.


აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს სომხურ პოზიციებს ნაღმტყორცნების, არტილერიისა და ტანკების დახმარებით.