ზურაბიშვილი და გახარია - რას ამბობს მათზე პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ „ქვეყნისა და გუნდის ღალატი იკადრა“.

ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკიდან ის მას შემდეგ გავიდა, რაც გუნდი დაალაგეს, სისტემა ააწყვეს და ის ვერ გათვლიდა გახარიას ამ ნაბიჯს.

„პირველად 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. ამ გადაწყვეტილების მიზეზების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. გავიხსენებ მხოლოდ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს. ელჩმა, რომელთანაც ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა: რომ არ დაბრუნებულიყავი, ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი დარჩებოდაო. ეს მართლაც ასე იყო და ძალიან კარგად ვიცოდი. თუმცა, ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, თურმე, გარედანაც კარგად ჩანდა.

მაშინ ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მეორედ გავედი პოლიტიკიდან. თანაც, საპენსიო ასაკმაც მომიწია და შესაბამისად, ამისათვის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი მქონდა.

ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს კი ივანიშვილმა ასევე უპასუხა სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას და განაცხადა, რომ ის ოპოზიციის მხარდამჭერად გვევლინება.

„სალომე ზურაბშვილი გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდმაჭერად, ეს მისი არჩევანი იყო“, – თქვა მან.