ზურაბიშვილი: როცა პრემიერი ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა

პუბლიკა

დღეს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა პასუხი გასცა შეკითხვას ქართულ ჯართან დაკავშირებით, რა დროსაც აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება „ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა“.

„როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართველი ჯარის, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტი მისი უმაღლესი მთავარსარდალია და მე მინდა პრემიერის მაგივრად მათ წინაშე  ბოდიში მოვიხადო და ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქართული ჯარი გაძლიერდეს და იყოს ღირსეული შთამომავალი იმ ჯარისა, რომელიც იგებდა ბრძოლებში და რომელმაც მოიყვანა საქართველო დღემდე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ჯარს სჭირდება გაძლიერება, რაშიც ქვეყნის მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია.

„ჯარს სჭირდება გაძლიერება და ამ გაძლიერების მთავარი პარტნიორი იყო და არის აშშ. თუ არა აშშ ჩვენ არ გვეყოლებოდა იმ სტანდარების მქონე ჯარი, რომელსაც დღეს აქვს საშუალება ქვეყანასთან ერთად, რომ ჰქონდეს პრეტენზია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ნატოში ინტეგრაციაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, არმიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. თქვა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ქვეყანას ღალატობს.