საქართველოს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.
ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ისტორიაში შევა, „როგორც მავნებლური, დანაშაულებრივი, რუსული რეჟიმი“. მისი შეფასებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა „გაუგონარი და გამაოგნებელია“.
„ეს რუსული რეჟიმი ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც ყველაზე მავნებლური და დანაშაულებრივი რეჟიმი.
ჩვენ ყველას გვყავს ვიღაც, ვინც ცხოვრობს ემიგრაციაში, დიასპორის ნაწილია. საქართველოდან წასულია მილიონზე მეტი ადამიანი, ისინი არიან ჩვენი ქვეყბის არა მხოლოდ ნაწილი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ამ ქვეყნის…
ჩვენი ქვეყნის ეს ნაწილი წასულია ქვეყნიდან იმიტომ, რომ სწორედ სახელმწიფომ ვერ შეძლო მათთვის ვერც პოლიტიკური პირობების შექმნა, ვერც ეკონომიკურის, რომელიც ამ ადამიანებს ან დააბრუნებდა… ამიტომ არსებობს სახელმწიფოს ვალდებულება მათ მიმართ, რომ ყველანაირად შეუნარჩუნონ კავშირები ქვეყანასთან, რადგან მეტი ძალა პატარა ქვეყნებს არ გააჩნიათ, ვიდრე დიასპორაა. გადავხედოთ, როგორ ეპყრობიან პატარა ქვეყნები, მაგალითად, ისრაელი საზღვარგარეთ მყოფ თავიანთ მოქალაქეებს. ყველა უყურებს ამ მოქალაქეებს, როგორც საგანძურს და ყველანაირად ხელს უწყობენ.
ჩვენთან სხვანაიარადაა – არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ ხელი შევუწყოთ, რომ შევუქმნათ ახალი პირობები, რათა გაუჩნდეთ ქვეყანაში დაბრუნების სურვილი. პირიქით, ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ იგრძნონ, რომ დიდი განხეთქილებაა მათსა და ჩვენ შორის. […]
ეს დიასპორაა, ვინც დღეს აცოცხლებს საქართველოს კულტურას გარეთ, საქართველოს ეკონომიკას, რეალური ინვესტიცია თუ რამე შემოდის და არა მოჩვენებითი, ესეც მათი დამსახურებაა. ამიტომ, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ბატონმა პაპუაშვილმა ესოდენ სიამაყით გამოაცხადა და რომლითაც მათ [ემიგრანტებს] ვართმევთ საარჩევნო ხმის უფლებას, არის კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელი.
მე არავის ვიცავ, სულ არ მაინტერესებს, ის მილიონ-ნახევარი ადამიანი, რომელიც უცხოეთშია, ვის მხარეს არის და ვის მისცემდნენ ხმას, აქ ლაპარაკია მათ უფლებაზე, რომ იყვნენ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე ამ ქვეყნის. თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი და მოქალაქეობა, ის უფლებაც უნდა გქონდეს, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ის აქტი, რითაც შენ დგები როგორც ქვეყნის მოქალაქე…
ის, რაც ბოლო არჩევნებზე გაკეთდა, ის დისკრიმინაცია, რომელზეც დღეს ალბათ სტრასბურგის სასამართლო ბჭობს და საჭიროა, რომ უფრო სწრაფად იმსჯელოს ამ საკითხზე, არის სრული დარღვევა ყველა კონსტიტუციური პრინციპების. ჩვენი კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი არის ფეხქვეშ გათელილი. ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ დღეს მე გული მტკივა იმ ქართველებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნისთვის იღწვიან იქ, სადაც არიან და რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდნენ სრულყოფილად და დღეს ეს რეჟიმი მათ ეუბნება, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი შვილები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აანონსებს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც „კარგად აჩვენა რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან“.
პაპუაშვილის აზრით, ამ მხრივ ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, „რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან“ და სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციებს.
„ოცნების“ პოზიციაა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს“.
„არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში, როგორც აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა, ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“, – ამბობს პაპუაშვილი.