ზურაბიშვილი: ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, დიდი შანსია მოგვცენ ის, რაც გვეკუთვნის ნამდვილად

პუბლიკა

„ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ნამდვილად გვეკუთვნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

„როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. აქ გუშინ და დღეს ჩემი შეხვედრები მაძლევს იმედს, რომ შეიძლება, ვიყოთ ოპტიმისტები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვეკუთვნის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განუცხადეს, რომ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში ვიზიტს ასევე აპირებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

„ასევე მე მივიღე, პირობას ვერ ვიტყვი, მაგრამ, შარლ მიშელმაც და ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვეს რომ აპირებენ ჩამოსვლას. ასევე რობერტა მეცოლამ“ – განაცხადა პრეზიდენტმა.