ზვიად გაბისონია: წერილობითი თანხმობის ვალდებულება რეპეტიტორებზე არ ვრცელდება

პუბლიკა

„ქართული ოცნების” განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ამბობს, რომ წერილობითი თანხმობის ნებართვის ვალდებულება კერძო რეპეტიტორებზე არ ვრცელდება.

საქმე ეხება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლებიც 1 ნოემბრიდან ამოქმედდა და რომელთა თანახმადაც, საჯარო მოსამსახურე ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის შესრულებას ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს. თანხმობა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით გაიცემა. რეგულირების სფეროში მოექცა განათლებაც.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ნინო კვითაიშვილმა „ფეისბუქზე” დაწერა, რომ კანონი მოსწავლეების კერძოდ მომზადებასაც შეეხება. მოგვიანებით იგივე დაწერეს სხვა მოქალაქეებმაც.

ზვიად გაბისონია ამბობს, რომ „რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად”.

„გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს”. – თქვა ზვიად გაბისონიამ, „ქართული ოცნების” განათლების სამინისტროს თანახმად.

მისივე განცხადებით, „იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული  გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება”.