1 ნოემბრიდან საჯარო მოსამსახურეები შეთავსებით მუშაობას ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე ვერ შეძლებენ

პუბლიკა

ხვალიდან, 1 ნოემბრიდან, ძალაში შედის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და სასამართლოების კანონში აპრილში შეტანილი ცვლილება.

კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს.

საჯარო მოსამსახურე და მოსამართლე ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის შესრულებას ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს. თანხმობა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით გაიცემა.

საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო  ან კერძო დაწესებულებაში, იყოს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ან იღებდეს ხელფასს სხვა ქვეყნის ორგანოდან/დაწესებულებიდან. შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულებაში;

საჯარო სამსახურში [მათ შორის სსიპ-ში; ა(ა)იპ-ში; საწარმოში, რომლის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო] დასაქმებულს უფლება აქვს, ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს კერძო სექტორში მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით. თანხმობა გაიცემა ერთი წლის ვადით.

თუ დასაქმებული პირი ამ წესს დაარღვევს, გათავისუფლდება თანამდებობიდან და 2 წლით აეკრძალება საჯარო სფეროში მუშაობა;

ამ წესების დარღვევისთვის საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეკისრება კომპენსაციის გადახდა 1 ნოემბრის შემდეგ მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით.

28 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ გამოსცა დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს, ვისთვისაა დასაშვები შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო. ხაზგასმულია, რომ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო დასაშვებია მხოლოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობებისთვის, ხელმძღვანელის თანხმობით.

საქმიანობების სფეროში მოექცა:

  1. სივცრითი დაგეგმარების, ურბანიზაციის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფერო;
  2. საავიაციო სფერო;
  3. გარემოს დაცვის სფერო;
  4. ფიზიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო;
  5. სოფლის მეურნეობის და სატყეო სფერო;
  6. საინფორმაციო სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის სფერო;
  7. ფინანსური აღირცხვა, აუდიტის ზედამხედველობა, სახელმწიფო/საერთაშორისო შესყიდვები;
  8. სტატისტიკა/ანალიტიკა;
  9. დაზღვევის სფერო;
  10. სამედიცინო სფერო;
  11. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფერო;
  12. სოციალური კეთილდღეობის სფერო;
  13. განათლების სფერო;
  14. აუდიოვიზუალური მეთოდებისა და მედიაპროდუქციის წარმოების სფერო;
  15. კულტურის სფერო;
  16. აკრედიტაციის პროცესი/სფერო;
  17. მთარგმნელობითი საქმიანობა, ჟესტური ენის სპეციალისტი;
  18. სამართლის სფერო;
  19. უსაფრთხოების სფერო;
  20. პროფესიული და ტექნიკური სფერო;
  21. კრიმინალისტიკური სფერო;
  22. სასაქონლო ექსპერტიზის სფერო;
  23. საარჩევნო სფერო;
  24. საწარმოო ინჟინერიის სფერო;