ვისაც ირჩევს ხალხი, მას ეკუთვნის გამარჯვების მილოცვა - დავითულიანი წალენჯიხაში ოპოზიციის კანდიდატზე

პუბლიკა

„ვულოცავ ყველას არჩევნების მშვიდობიანად და დემოკრატუიულად ჩატარებას. ვულოცავ ყველა გამარჯვებულ კანდიდატს, მათ შორის, ოპოზიციის გამარჯვებულ კანდიდატასაც წალენჯიხაში. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ, ვისაც ირჩევს ხალხი, ის არის ამ ხალხის არჩევანი და მას ეკუთვნის ამ გამარჯვების მილოცვა“,- განაცხადა „ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

„ამ არჩევნებით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დასრულდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ ეს მოგვცემს შანსს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი გადავშალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დავიწყოთ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. არა ერთმანეთის ლანძღვაზე, არა უსაგნო პოლემიკაზე, არამედ კონკრეტულ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკა ვაწარმოოთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც მერობის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.