„შეხვედრების დრომ ჩაიარა“, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა „პუბლიკის“ შეკითხვას – აპირებს თუ არა, შეხვდეს კულტურის სფეროს იმ ასობით წარმომადგენელს, რომლებმაც მას შეხვედრის თხოვნით მიმართეს.
„შეხვედრების დრომ ჩაიარა, რადგან ეს ის ხალხია, ვინც, სანამ მინისტრად დავინიშნებოდი, მანამდეც პეტიციებს ხელს აწერდა, რომ არ დავნიშნულიყავი და აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ შეხვედრის მიზანს“, – უთხრა თეა წულუკიანმა „პუბლიკას“ ეროვნულ გალერეაში ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენაზე სტუმრობისას.
„პუბლიკამ“ მინისტრს ასევე ჰკითხა, თუკი აგვისტოში დასრულდა კინოცენტრში შიდა აუდიტზე მუშაობა, რატომ მოხდა ისე, რომ „სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“ თითქმის 7 თვის შემდეგ გამოიკვეთა.
„დიახ, შეიცავს [სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს] და გადაგზავნილია პროკურატურაში. შემოწმებისთვის დრო არის ყოველთვის საჭირო და დამტკიცდა მარტში“, – განაცხადა მინისტრმა.
„პუბლიკის“ შეკითხვები – ადასტურებს თუ არა ინფორმაციას კინოცენტრის დირექტორად თავისი მოადგილის, კარლო სიხარულიძის 3 წლით დანიშვნაზე და რა კრიტერიუმებით შეარჩია ის – მინისტრმა უპასუხოდ დატოვა.
გამოფენაზე მინისტრის სტუმრობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა. ამის შესახებ „პუბლიკამ“ და ტელევიზიების ნაწილმა მხოლოდ არასაჯარო წყაროებისგან შეიტყვეს. ადგილზე გალერეის დაცვა „პუბლიკას“ და ასევე მედიის სხვა წარმომადგენლებს ხელს უშლიდნენ შეკითხვების დასმასა და კადრების გადაღებაში. „TV პირველის“ ოპერატორს არ მისცეს საგამოფენო დარბაზში კამერის შეტანის უფლება. ნახეთ ვითარების ამსახველი კადრები.
14 მარტს კულტურის სამინისტრომ საზოგადოებას მინისტრის გადაწყვეტილება ამცნო, კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის გათავისუფლების შესახებ. ამავე განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავდა, რომ „გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე“ განახორციელებდა. უწყებამ ასევე განაცხადა, რომ კინოცენტრში შიდა აუდიტით „სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“ გამოიკვეთა და საქმე პროკურატურას გადაეცა.
მოგვიანებით კინოცენტრის გათავისუფლებულმა დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ სამინისტროს მხრიდან ზეწოლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისმა რამდენიმე მკვეთრმა განცხადებამ, მათ შორის უკრაინაში ომის ფონზე რუსეთისადმი სანქციების დაწესების თემაზე, შესაძლოა მინისტრი განარისხა და გასცა ბრძანება აუდიტის დასკვნის დამძიმებაზე.
სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას კულტურის სფეროს 400-ზე მეტმა წარმომადგენელმა საერთო განცხადებით უპასუხა და გადაწყვეტილებას ცილისწამება და შანტაჟი უწოდა.
გაგა ჩხეიძემ თეა წულუკიანს ოფიციალური წერილითაც მიმართა, რომ გააუქმოს ბრძანება, „წინააღმდეგ შემთხვევაში, მას აუცილებლად გავასაჩივრებ და ნებისმიერ ინსტანციაში დავამტკიცებ სიმართლეს. მოგეხსენებათ, რომ მართალ ადამიანს არაფრის შიში არ აქვს“. იგი აღნიშნავს, რომ დირექტორს უნდა ირჩევდნენ დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე, არჩევნების გზით და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორად კარლო (კახა) სიხარულიძე 3 წლის ვადით დაინიშნა – ინფორმაცია „პუბლიკას“ სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა.