„პუბლიკის“ ინფორმაციით, კარლო სიხარულიძე კინოცენტრის დირექტორად 3 წლით დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორად კარლო (კახა) სიხარულიძე 3 წლის ვადით დაინიშნა – ინფორმაცია „პუბლიკას“ სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა. კულტურის სამინისტროში ამ ინფორმაციის დასადასტურებლად შეკითხვებს არ პასუხობენ. ასევე, უცნობია, რა გზით შეირჩა კახა სიხარულძე კინოცენტრის დირექტორად, არსებობდა თუ არა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ მინისტრს რეკომენდაციებს მიაწვდიდა – როგორც წინა დირექტორის არჩევის შემთხვევაში.

14 მარტს კულტურის სამინისტრომ საზოგადოებას მინისტრის გადაწყვეტილება ამცნო, კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის გათავისუფლების შესახებ. ამავე განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავდა, რომ „გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე“ განახორციელებდა. უწყებამ ასევე განაცხადა, რომ კინოცენტრში შიდა აუდიტით „სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“ გამოიკვეთა და საქმე პროკურატურას გადაეცა.

მოგვიანებით კინოცენტრის გათავისუფლებულმა დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ სამინისტროს მხრიდან ზეწოლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისმა რამდენიმე მკვეთრმა განცხადებამ, მათ შორის უკრაინაში ომის ფონზე რუსეთისადმი სანქციების დაწესების თემაზე, შესაძლოა მინისტრი განარისხა და გასცა ბრძანება აუდიტის დასკვნის დამძიმებაზე.

სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას კულტურის სფეროს 400-ზე მეტმა წარმომადგენელმა საერთო განცხადებით უპასუხა და გადაწყვეტილებას ცილისწამება და შანტაჟი უწოდა.

„დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კულტურის მინისტრის მოადგილის დანიშვნა გვაფიქრებინებს, რომ სამინისტროს სურს დამოუკიდებელი ინსტიტუციის დამორჩილება, გაკონტროლება და მისი სისტემური მოშლა, ერთგვარი ცენზურის დაწესება ჩვენს პროექტებზე, ფილმებსა და იდეებზე“, – აღნიშნულია კულტურის სფეროს წარმომადგენელთა განცხადებაში.

გაგა ჩხეიძემ თეა წულუკიანს ოფიციალური წერილითაც მიმართა, რომ გააუქმოს ბრძანება, „წინააღმდეგ შემთხვევაში, მას აუცილებლად გავასაჩივრებ და ნებისმიერ ინსტანციაში დავამტკიცებ სიმართლეს. მოგეხსენებათ, რომ მართალ ადამიანს არაფრის შიში არ აქვს“. იგი აღნიშნავს, რომ დირექტორს უნდა ირჩევდნენ დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე, არჩევნების გზით და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის სხვადასხვა წლის დეკლარაციებისა და ბიოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, კარლო სიხარულიძე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ის სხვადასხვა დროს იყო საქართველს ელჩი ჩინეთში, ჩეხეთსა და იტალიაში. სამუშაო გამოცდილების მიხედვით, იგი კინოინდუსტრიასთან დაკავშირებული საქმით არასოდეს ყოფილა დაკავებული.

2021 – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე

2020 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი

2019 – საგანგებო დავალებათა ელჩი

2013 – 2018 იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი

2012 – საგანგებო დავალებათა ელჩი

2009 – 2011 საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

2006 –  2007 საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში

2005 – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

2004 – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

2003 – 2004 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

2001 – 2002 საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეოს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი

2000 – საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და პარტნიორული ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი

2000 – საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთოს სამმართველოს უფროსი

2000 – საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დირექტორი

1999-2000 საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტროს ეუთოს სამმართველოს უფროსი

1996-1999 საბერძნეთში საქართველოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი

1994-1996 საქართველოს კონსული თურქეთში

1992-1994 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის I მდივანი

1991-1992 გაზეთ „განათლების“ მთავარი რედაქტორი

1990-1991 გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორის პირველი მოადგილე

1987-1988 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის მეცნიერ–თანამშრომელი

1985-1987 გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ კორესპონდენტი

1984-1985 დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის გაზეთის კორესპონდენტი

1984 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.