ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, 10 მეტროსადგურს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ამ ხნის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან,სადაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ 10 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოგვყოფს თანხებს იმისათვის, რომ ეს სამუშაოები ვაწარმოოთ და ჩავატაროთ რეაბილიტაცია. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე იქნება პროექტები და შევძლებთ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს ვაგონების განახლება და შესყიდვა.
„დაწყებული გვაქვს ვაგონების განახლება-რეაბილიტაციის პროგრამა. არსებული ვაგონები, რომლის რეაბილიტაციაც არის შესაძლებელი, ჩვენ უკვე ჩაშვებული გვაქვს და წლის ბოლოსთვის განახლებული შემადგენლობები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. თუმცა, არის შემადგენლობის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ მეტროსადგურებს: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირი“ და „ნაძალადევი“.