11 ევროპარლამენტარი უგულავას გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტს მიმართავს

პუბლიკა

სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა 11-მა ევროპარლამენტარმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს წერილი მისწერა, რომელიც 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების განხორციელებას ეხება.

ევროპარლამენტარები პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, საქმესთან დაკავშირებით.

„ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერ ევროპარლამენტარებს, გვსურს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება. ეს პოზიტიური სიახლე წაახალისებს საქართველოს შესაძლებლობას, გააგრძელოს პროგრესი თავისი ხალხის ევროპული არჩევანის განხორციელების გზაზე.

საქართველოს მრავალმა მეგობარმა და გულმხურვალე მხარდამჭერმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც გასული თვეების განმავლობაში ხელს უწყობდა პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გაღრმავებას. ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი ამ სამწუხარო პროცესისა იყო „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას დაპატიმრება.

შეთანხმების შინაარსისა და სულისკვეთების სრული იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისა და ნორმალიზაციისთვის, განსაკუთრებით მომავალი უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების წინ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ გააგრძელებენ ამ და სხვა საქმეების შინაარსზე კამათს, მოგიწოდებთ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, განიხილოთ თქვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება კონკრეტულად გიგი უგულავას შემთხვევაში, ვინაიდან მისი გათავისუფლება აღიქმება როგორც ტესტი ერთობლივი შეთანხმების განხორციელებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ქმედება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვითარების სრული ნორმალიზაციისკენ, რასაც საქართველოს მეგობრები, მათ შორის ჩვენც, მოველით“,- წერია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის მიმართ დაწერილ წერილს 11 ევროპარლამენტარი აწერს ხელს, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“, „მწვანეების“, „ ევროპის განახლების პარტიისა“ და „სოციალისტების“ წარმომადგენელი.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 8 მარტს მხარეები „ურთიერთგაგების მემორანდუმზე“ შეთანხმდნენ, რომელშიც საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისაგან თავის შეკავებაზეა საუბარი.

ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებდა კონკრეტული ადამიანების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის, ან პატიმრობიდან გათავისუფლების პირობას.

ამერიკის სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა 10 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერ გათავისუფლებას მოელის.