12 წლიდან ბავშვების აცრა უკვე დასაშვებია | იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება

პუბლიკა

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში უკვე 12 წლიდან ბავშვების აცრა დასაშვებია.

„მშობლის თანხმობით შეიძლება 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრა.  მოგეხსენებათ, ბავშვების აცრის გარეშე მთლიანად პანდემია მსოფლიოში არ დასრულდება. რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო 5-დან 11 წლამდე. ზოგიერთ ქვეყანაში 2 წლიდან. ფაიზერი უკვე დაშვებულია 5 წლის ზემოთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამის შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც.

„საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში. ამრიგად, 12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ, მიმართონ ამცრელ ცენტრებს და „ფაიზერის“ დოზით აიცრან“, – განაცხადა გაბუნიამ.

აქამდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, ფაიზერით აცრა შეეძლოთ: 

  • საქართველოს მოქალაქეს და მუდმივი ბინადრობის მქონე 16-დან 18-წლამდე ასაკის ადამიანებს;
  • ორსულებს ნებისმიერ ვადაზე;
  • 12-დან 15-წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, გამოვლინდა ინფიცირების 6 021  ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 75 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  11.57%.