14 დეკემბერს შეკრებაზე ყველა რეგიონიდან ვიწვევთ მხარდამჭერებს – კალაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშრებით ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გამოცხადების აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები გასცდა „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებსა და მას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდიც უერთდება.

„საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება.

ჩვენ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით და შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, ეს ღონიძიება თავისი მასშტაბით უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია“, – თქვა კალაძემ.

 

კახა კალაძემ მოუწოდა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსა და თბილისელებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ  14 დეკემბერს ოჯახებით გამოვიდნენ ღონისძიებაზე. კალაძის თქმით, ტრანსპორტირების ხარჯს უზრუნველყოფს საორგანიზაციო გუნდი.

„ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ვიწვევთ „ქართული ოცნების“ კურსისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს. საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართელოს ყველა რეგიონიდან. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, მოვუწოდებ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩემს თბილისელებს მობრძანდით ოჯახებთან, შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ“,  – თქვა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ადამიანები, თითქოს 14-ში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრება დანაშაულია.

„ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთი მედიასაშუალება არის ძალიან გააქტიურებული და ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ადამიანები, თითქოს, შაბათ დღეს, 14 დეკემბერს იმ ღონისძიებაზე ჩამოსვლა, რომელსაც აწყობს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, არის დარღვევა და დანაშაული.

მე მინდა, მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, შეიძლება ბევრი მუშაობდეს სხვადასხვა საჯარო სამსახურში, შეიძლება ბევრი არ მუშაობდეს, არ ვიცი, მე გამიჭირდება ამის დათვლა და ახსნა-განმარტება, მე მინდა, მივმართო მათ, რომ არანაირი კანონდარღვევა არ არის მეგობრებო. თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეგიძლიათ, მობრძანდეთ, დაესწროთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას და ერთად ვიზეიმოთ ის, რომ საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა…“

კალაძემ აღნიშნა, რომ  „ქართული ოცნება“  ტრანსპორტირების ხარჯს თავის თავზე იღებს.


6 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებული კვირეულის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გიმართება 14 დეკემბერს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები რეგიონებიდან, მათ ტრანსპორტირებას კი საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს.