20 ივნისის დაზარალებულის თქმით, სასამართლომ უარი უთხრა შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე

პუბლიკა

გიორგი სულაშვილი, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა და მრავალი დაზიანება მიიღო, წერს, რომ სასამართლომ უარი თქვა მისთვის შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე და მიმდინარე ტკივილისგან განცდილი ტანჯვისთვის კომპენსაციად 20 000 ლარი განსაზღვრა. სულაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება 8 აგვისტოს მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა მიიღო.

„მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა 2021 წლის მიწურულს ჯერ გააუქმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება,შემდეგ კი თითქმის 2 წელი პროცესს არ ნიშნავდა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიჩივლე – საბოლოოდ, 2023 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც მან უარი თქვა დასახიჩრებული პირის, შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე, არაერთი ოპერაციისგან და მიმდინარე ტკივილებისგან განცდილი ტანჯვისთვის კი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მხოლოდ 20 000 ლარი განსაზღვრა საკომპენსაციო თანხად. ზემოთ ხსენებული თანხა მხოლოდ მედიკამნეტები რომ მქონდეს იმაშიც კი არ მეყოფა ერთი წელი. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ჩემს საქმეზე სამართლიანობა აღდგეს, რადგან ზემოთხსენებული ფაქტებიდან არცერთი არ იქნა მოსამართლის მიერ გათვალსწინებული. 31 წლის ასაკში 60წლის ადამიანს დავემსგავსე. მადლობა ქოცებო და საქართველოს სასამართლო ამისთვის!!! მადლობა ჩემი უფუნქციოდ დატოვებისთვის“, – წერს სულაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, რომელშიც ასევე აღწერს მის სამედიცინო მდგომარეობას.

„აქ ჩამოვწერ რა დაზიანებები მივიღე 20 ივნისის ღამეს. ზოგს ჰგონია რომ მე თვალი მაქვს (ნეტა მქონდეს) ეს რომ მოხდა 27 წლის გახლდით. ვიყავი 20 ივნისის მშვიდობიანი პროტესტის მშვიდობიანი მონაწილე და არც კი მიცდია, რომ პარლამნეტში შტურმით ან რაიმე ძალდობრივი გზით შევსულიყავი. ამის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს და წარდგენილი მაქვს სასამართლოსთვის“, – ამბობს ის.

სულაშვილის თქმით, აქციის დაშლისას მან მიიღო შემდეგი დაზიანებები:

  • ქალის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა
  • ქალა ტვინის დახურული ტრამვა
  • სახის ნაფლეთოვანი ჭრილობები,დაჩირქება და ინფექცია
  • თვალის კაკლის მოწყვეტა
  • თვალის კაკლის დეგენერაცია
  • მეორე თვალში მხედველობის გაუარესება

მისი თქმით, პირველი ოპერაცია ჩაუტარდა აქციის დაშლიდან მეორე დღეს, 2019 წლის 21 ივნისს, ამის შემდეგ კი მას ჩაუტარდა 5-ზე მეტი ოპერაცია:

  • „ოპერაცია სახის ძვლების აღდგენის მიზნით, ჰაიმორიტის ღრუს, ცხვირის და ნაფლეთოვანი ჭრილობის გასწორება;
  • ოპერაცია ყურის ხრტილის ამოღება და ხახის ხორცის ამოღება თვალ-ბუდის შესაქმნელად (რომელსაც პროთეზი უნდა დაეჭირა);
  • ოპერაცია ყურის ხრტილის და მუცლიდან ღეროვანი უჯრედების აჭრა ეს ოპერაცია 2-ჯერ ჩამიტარდა – ისევ თვალბუდის მოსამზადებლად, რადგან არ იყო ხორცი თვალში რომ პროთეზი დაეჭირა;
  • ოპერაცია თვალის ქვედა ქუთუთოს კონსტრუქცია (რადგან ქვედა ქუთუთოც არ მქონდა) და თვალის ხელოვნური ჭრილის შექმნა (არც ეგ მქონდა)“

სულაშვილის თქმით, ამ ყველაფრის შედეგად მიიღო შემდეგი ფიზიკური ეფექტი:

  • „ცალ თვალში მხედველობის დაკარგვა
  • მეორე თვალის მხედველობის გაუარესება
  • პერმანენტული თავის ტკივილი
  • კიდურების, სახსრების ტკივილი
  • ძილის მკვეთრი დარღვევა, ფაქტობრივად არ მძინავს
  • მუდმივი დაღლილობა
  • ენერგიის არ ქონა
  • კონცენტრაციის დაკარგვა
  • მეხსიერების პრობლემები
  • შრომის უნარიანობის დაკარგვა
  • წონის მატება 40კგ
  • ექიმმა ამიკრძალა ფიზიკური დატვირთვა
  • ტკივილგამაყუჩებელი და საძილე, ფსიქოტროპული აბების ცხოვრების ბოლომდე მიღება დამენიშნა, რადგან დღემდე ვერ ვუმკლაბდები ჩემით შეტევებს და იძულებული ვარ მედიკამენტების ქვეშ ვიყო, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილისთვის შევძლო მამობის შეძლებისდაგვარი გაწევა“- აღნიშნა მან და მისი მდგომარეობის ფსიქიოლოგიურ ეფექტზეც ისაუბრა:
  • PTSD-ის (პოსტ-ტრავმული აშლილობის) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
  • სტრესულ გამოცდილებასთან დაკავშირებული განმეორებადი აზრების ინტრუზიები
  • ძლიერი მწვავე რეაქციები
  • ძლიერი ნეგატიური გრძნობები
  • უიმედობა
  • დაუცველობა
  • შეზღუდული კონტაქტები, გარიდება
  • ანჰედომია-სიამოვნების უნარის დაკარგვა
  • არასრულფასოვნების განცდა
  • პასიური სუიციდური აზრები.

„ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა შრომისუნარიანობის მკვეთრად შემცირების ფაქტი. ჩატარდა გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირებით ექსპერტიზაც, რომლითაც ასევე დადასტურდა უმძიმესი ფსიქოლოგიური ტანჯვა“, – წერს ის.


2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც თბილისში რუსი პოლიტიკოსის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ყოფნის გამო იმართებოდა.

დარბევის დროს პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, რის შედეგადაც 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და აქციის მონაწილეებს ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ.