ომბუდსმენმა გელათთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა დაიწყო

პუბლიკა

გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ომბუდსმენის აპარატი საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწევს ზედამხედველობას მიმდინარე პროცესს.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და უფლებების დაცვის ზედამხედველობა არის ჩვენი მანდატი. რა თქმა უნდა, ამ საკითხით დავინტერესდით და დავინტერესდებით. ჯერჯერობით, ვართ ინფორმაციის გამოთხოვის და შესწავლის პროცესში და შემდგომ, ალბათ, დავგეგმავთ ჩვენს ნაბიჯებს, რა შეიძლება ჩვენი მანდატის ფარგლებში გავაკეთოთ“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე 18 იანვარს ქარის შედეგად ამძვრალი დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენის სამუშაოები დღესაც გრძელდება.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დროებითი გადახურვის შემსრულებელი კომპანიის მიერ ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების გამო 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა.

„აღდგენილი მყარი გადახურვის სათანადო წესით გამაგრების პარალელურად სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვის ყველა არეალი. პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან [ახალი] კომპანია „ბაგინეთი+“ განახორციელებს“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.