წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც ევროპის მასშტაბითაც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ - პრემიერი

პუბლიკა

2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მის განცხადებას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერის თქმით, ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა.

„გუნდთან ერთად, არსებულ შეზღუდვებს ხელახლა გადავხედეთ და ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის სწორი ბალანსის დაცვით, ეკონომიკის აღდგენას და სტიმულირებას შევუწყვეთ ხელი, რამაც ხელშესახები შედეგები მოგვცა. ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში მინუსებში იყო, მარტიდან კი ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა და ბოლო რვა თვიდან ოთხ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ.

ვფიქრობ, საზოგადოება ეკონომიკის მართვის მიდგომებსა და შედეგებს შორის კონტრასტს, ბოლო პერიოდში არსებული პარამეტრების გაუმჯობესებას ნათლად ხედავს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა დადებითი ტენდენციები თითოეულმა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალსა და საბიუჯეტო დეფიციტსაც შევამცირებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით წელს, უკვე წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებელი გადააჭარბებს 1.9 მლრდ ლარს, რაც 1.1 მილიარდით მეტია იმაზე, რაც იქნებოდა ძველი სისტემის შემთხვევაში.

„ვალის მართვის სტრატეგიული მიზნებია, მთავრობის ვალის შემცირება, ლარში ვალის წილის ზრდა მთავრობის მთლიან ვალში, მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდა. წელს უკვე ყოველწლიურად ვამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2024 წელს ჩამოცდება მშპ-ს 50%-ს. განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა, რის შემდგომაც მოხდება რისკების ზრდის ნაცვლად, ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი საწარმოების ფორმირება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა