2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული - საია

პუბლიკა

2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საია აქვეყნებს. ის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს. ამ ეტაპზე საია ჩართულია 19 პირის საქმეში.

ამათგან, მათი ცნობით, 17 პირი, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, სხვადასხვა მედიაორგანიზაციის წარმომადგენლია, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარიდან გამომდინარე,  ლგბტ+ ჯგუფთან ასოცირების გამო გაუსწორდა.

„უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა საგამოძიებო უწყებებთან, მათ შორის, თბილისის პროკურატურასთან, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. ამ პერიოდის განმავლობაში ზემოთ ხსენებულ უწყებებში გაგზავნილია 10-ზე მეტი განცხადება/საჩივარი, რომლებზეც რეაგირება ძირითადად ჯეროვნად არ ხდებოდა.

გასული 2 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას, ვახტანგ ქარელის, ილია თვალიაშვილის, რატი წვერავასა და დეა მამისეიშვილის საქმეზე.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ექვსივე ბრალდებულის მიმართ სრულად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და თითოეულ ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო, სხვა პირების ეპიზოდში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში, ბრალდებულები გამართლდნენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაწილში.

ამ პირებთან მიმართებით, სასამართლომ მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი გამოიყენა. მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას ეპიზოდის ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და ბრალდებულები გაამართლა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე. ამჟამად, აღნიშნული საქმეები განიხილება უზენაეს სასამართლოში, “- ნათქვამია საის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საიაში ამბობენ, დღესდღეობით ნათელია, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებას არ აქვს სათანადო ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები.

„მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი, ობიექტური და სათანადოდ ეფექტიანი. საია მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების, ხელმძღვანელების ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირების ნაწილში.

ამასთან, საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა. ამ დრომდე უცნობია დაწყებულია, თუ არა გამოძიება ტვ „პირველის“ ეთერში 2022 წლის 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო“, – ამბობენ საიაში.

საია მიიჩნევს, რომ მომჩივანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებში მონაწილეები უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არა, ზოგიერთ შემთხვევაში კი არასრულად არიან გამოვლენილნი. ყველა ამ მოთხოვნით, საიამ საგამოძიებო უწყებებს არაერთხელ მიმართა, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებისგან არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

ასევე საიას ცნობით, მათთვის ცნობილი ბოლო ინფორმაციით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან გასულია ორი წელი. საიას შეფასებით, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ გამოძიებას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები ამ დრომდე არ აქვს. ამ პერიოდში გარდაცვლილის ოჯახი კვლავ გამოძიების შედეგების მოლოდინშია.

2022 წლის 4 ნოემბერს, საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით გააგზავნა საჩივარი. მომჩივანები დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე.

საიას ცნობით, საჩივარში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით.

ამასთან, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენები პრაქტიკულად თავადვე წაახალისა. მომჩივნები მიიჩნევენ, ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არიან და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ასოცირდებიან ლგბტ+ თემთან.

საიას ცნობით, ევროპულმა სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ევროპული კონვენციის ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს, რისთვისაც პასუხის წარმოსადგენად 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა ვადა. სახელმწიფოს თხოვნით, სასამართლოს მიერ შეპასუხების ვადა 2023 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა. ამ დროისთვის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და მხარეთა შორის საპასუხო პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს.

5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც.  მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს.

იხილეთ „პუბლიკის“ ვიდეო, როგორ აორგანიზებდნენ ძალადობას ჰომოფობიური, პრორუსუსლი, ძალადობრივი და ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრები: