2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

პუბლიკა

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია.

საუკეთესო ათეული სულაკაურის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ „განათლების ფორუმზე“ დღეს დასახელდა.

კონკურსის მიზანია იმ გამორჩეული მასწავლებლების დაფასება და წარმოჩენა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებებს ქმნიან.

წლევანდელი საუკეთესო ათეულის წევრები გახდნენ:

  • ცოტნე გვაჯაია, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • არჩილ თოდუა, ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;
  • მარიამ კვაჭაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • დავით მალაზონია, თანამედროვე განათლების აკადემიის ისტორიის მასწავლებელი ;
  • მაგდა მიქაბერიძე, თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  • ეკატერინე ჩიქოვანი, თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მადონა წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • დავით ჯანდიერი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23 საჯარო სკოლის, მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის და აზროვნების აკადემიის სკოლის მოქალაქეობის, ბიზნესისა და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
  • ირინა ჯვარშეიშვილი, გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის N182 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • ლაურა ჯიმშელეიშვილი, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე, 5 სექტემბერს, ხუთი ფინალისტი დასახელდება, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს — მასწავლებლის მსოფლიო დღეს — მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. ფინალისტებს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკი დააჯილდოებს. წელს შესარჩევ კონკურსში 121 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი: საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სპონსორი და მხარდამჭერი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი: ალტე უნივერსიტეტი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა წარმოადგენს გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს, რომლის მიზანიც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა.