სემეკმა ელექტროენერგიის სრულ გათიშვაზე პირველადი შეფასება წარადგინა

პუბლიკა

30 ივლისს წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მარეგულირებელმა კომისიამ 24 ივლისს ელექტროენერგიის საყოველთაო ავარიული გათიშვის შესახებ პირველადი დასკვნა წარადგინა.

დასკვნის მიხედვით, 24 ივლისს, დაახლოებით, 00:10 წუთზე საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან გამოეყო და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, შედეგად დაიწყო ელექტროსადგურების და მომხმარებლების ე.წ. კასკადური გამორთვა და ელექტროენერგია სრულად გაითიშა.

„2026 წლის 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით.

დაახლოებით 00:10:49 საათზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა.

აღნიშნულმა მაჩვენებლებმა მიაღწიეს იმ მნიშვნელობებს, რომელი მნიშვნელობების შედეგადაც ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.

…აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, დღეის მდგომარეობით და სსეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რეალური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნების შესრულებისთვის.

მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი – გახლავთ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი – საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობის ნაწილში“, – განაცხადეს სემეკის სხდომაზე.

ამ განცხადებას დღეს, 31 ივლისს გამოეხმაურა „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.

მისი თქმით, არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა.

„ცალსახაა, რომ გამანაწილებელი კომპანიის რომელიმე ხაზის გათიშვამ, ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის გადაყვანა ავტონომიურ რეჟიმში, მეზობელ ქვეყანასთან არსებული, პარალელური რეჟიმიდან ჩახსნა და ქვეყნის სრული გათიშვა.

…საგულისხმოა, რომ 32 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 2 „ბლექაუთი“, თუმცა მეორე შემთხვევაში ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზი ვერსიადაც კი არ სახელდება. ალბათ, სასურველია ამ ორივე შემთხვევის ერთად განხილვა და დადგენა იმ მიზეზების, რაც ორივე შემთხვევაში მეორდება. ვფიქრობ, სწორედ ეს გამაერთიანებელი გარემოებები განსაზღვრავს შეფერხების რეალურ მიზეზებს.

რა თქმა უნდა, რეალური ვერსიის დიდი ნაწილი გამოკვეთილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესკენ ხელს გავიშვერთ, პირიქით, ამ რთულ ვითარებაში, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დარგში მოღვაწე ყველა პატიოსან პროფესიონალს, სწორედ მათი შრომით მიიღწევა ის მომსახურების ხარისხი, რაც არსებობს, მიუხედავად არცთუ სახარბიელო ინფრასტრუქტურისა“, – აცხადებს ბოცვაძე.

სემეკის პირველადი შეფასების შესახებ შეკითხვა დაუსვეს დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, რომელიც წარსულში ენერგეტიკის მინისტრი იყო.

კალაძემ განაცხადა, რომ „ამ ტიპის შემთხვევები ყველგან ხდება, მათ შორის, ევროპულ ქალაქებში“ და კარგია, რომ რეაგირება დროულად მოხდა.

„გავიხსენებ, როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მთელ საქართველოს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რაც უკავშირდებოდა „იმერეთის“ 500-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზს. ამ ტიპის შემთხვევები ყველგან ხდება, მათ შორის ევროპულ ქალაქებშიც. სამწუხაროა, თუმცა კარგია, რომ დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.


24 ივლის, დაახლოებით 00:20 საათიდან და 25 ივლისს 08:00 საათზე ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოირთო.

სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებს, რომ მომხდარის მიზეზის დადგენაზე მუშაობს. საკითხს სწავლობს სემეკიც.

25 ივლისს გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.