25 მილიონი ლარი საპატრიარქოსთვის ძალიან ცოტაა - მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი

პუბლიკა

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან ძალიან ცოტა დაფინანსებას იღებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ჟურნალისტებმა მიტროპოლიტს „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევის შეფასება სთხოვეს.

„პირველ არხს, საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენი აქვს? მითხარით. ითვლება, რომ ეს დაფინანსება, რაც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს არის მიზერული.

ჩვენ გვაქვს ეს თანხა, რასაც გვაძლევს სახელმწიფო, რასაც გვიხდის, ეს არის კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედება. 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა. მე მაქვს 500 000 ლარი ეპარქიაში, სასწავლო ცენტრისთვის, მოგიყევით, რასაც ვაკეთებ და მინდა გითხრათ, რომ ვიხრჩობით ვალებში.

ჩემი ავტომობილის საბაზრო ღირებულება იყო 42 000 დოლარი. ეს იყო 2006 წელს და ერთმა პატიოსანმა ადამიანმა შემომწირა. ძველით, რაღაც ისეთით (დავდიოდი)… შევეცოდე და შემომწირა. მინდა გითხრათ, რომ ეს მანქანა 2006 წლიდან დღემდე აბსოლუტურად გავცვითე, ისეთ ადგილებში დავდივარ, ჯავახეთია“, – განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ასევე მან განაცხადა, რომ ის აპირებს შეისყიდოს ერთ-ერთი დაცლილი სოფელი ჯავახეთში.

„მეოცე საუკუნეში სომეხი ეროვნების ადამიანები (კი არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს) დასახლდნენ, სხვა სოფლიდან გადმოვიდნენ. ახლა დაიცალა საერთოდ ეს სოფელი, აქ დარჩათ ეს სახლები. მინდა, რომ შევისყიდო და მოვაწყო, უძველესი ქართული ტაძარია… მდიდარი ხალხი ვართ, ნახევარი სოფელი ჩვენია, მაგრამ ეს ნახევარი სოფელი არის 6 თუ 7 სახლი“, – თქვა მიტროპოლიტმა.


2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. საქართველოს თვითმმართველი თემები და ქალაქები ასევე გადასცემენ საქართველოს საპატრიარქოს მატერიალურ სიკეთეს (ყოველწლიურად, დაახლოებით ოთხიდან ხუთ მილიონამდე ლარს), – ამის შესახებ საუბარია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ანგარიშში – „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში”.

► საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ-მდე ფართობს მოიცავს.