ადვოკატის ცნობით, სომხეთში დაკავებული გიორგი კინოიანი თავისუფალია

პუბლიკა

8 სექტემბერს სომხეთში დაკავებული გიორგი კინოიანი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა უფლებადამცველმა, ანი ჩატინიანმა დაწერა.

„გიორგი კინოიანი თავისუფალია!

ეს იყო უჩვეულო ბრძოლა. უჩვეულო იმ მხრივ, რომ საქართველოს მოქალაქე კინოიანი იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ.

HELSINKI CITYZENS’ ASSEMBLY-მ გადადგა ყველა შესაძლო ნაბიჯი და მიმართეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს.

დღეს, 36-დღიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი კინოიანი გათავისუფლდა არარეპატრიაციის პრინციპის გამოყენების შედეგად.

HELSINKI CITYZENS’ ASSEMBLY ოფისი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მოთხოვნას, რომ სომხეთმა დაუყოვნებლივ უარი თქვას დსთ-ის ქვეყნების შორის ხელმოწერილი შეთანხმების მოთხოვნების შესრულებაზე, რომლის შესაბამისობის საკითხები ქვეყნის კონსტიტუციასთან კვლავაც დღის წესრიგშია, – წერს უფლებადამცველი.


რუსეთი საქართველოს მოქალაქეს უკრაინის მხარეს ბრძოლაში ადანაშაულებს. 2024 წლის 25 ოქტომბერს გიორგი კინოიანს ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სომხეთში ის რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე დააკავეს.