სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12-13 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს. მათგან ოთხი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.
„თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. სახალხო დამცველი მოახდენს გამოძიების მონიტორინგს.
არაერთი დაკავებული მიუთითებს, რომ ისინი უსაფუძვლოდ დააკავეს და მათ არ განუმარტეს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. ასევე მიუთითებენ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ერთ-ერთ დაკავებულს გამოცხადებული აქვს შიმშილობა უსაფუძვლო დაკავების გამო პროტესტის გამოხატვის მიზნით“,- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ღამის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში სახალხო დამცველის რწმუნებულს შესვლისა და დაკავებულების დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა.
სახალხო დამცველის აპარატი მოვუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ შეექმნათ დაბრკოლებები დაკავებულთა მონახულების პროცესში.