ჭიათურაში 4 მაღაროელი 19 ივნისიდან შიმშილობს 4 დაპატიმრებული მაღაროელის გათავისუფლების მოთხოვნით.
ერთ-ერთმა მათგანმა, მირზა ლოლაძემ კი დღეს, 21 ივნისს პირიც ამოიკერა.
დღეს, 21 ივნისს, ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის 114-ე დღეა.
იზოლატორში შიმშილობს ერთ-ერთი დაპატიმრებული მყოფი მერაბ სარალიძე.
მანამდე, ბრალდებულების განთავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5000 ხელმოწერა შეგროვდა.
მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა რამდენჯერმე დაიწყეს.
ბოლო კამპანია მათ 21 მაისს შეწყვიტეს. ამ დღეს მათ გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტავენ, რომ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება დაკავებულ თანამებრძოლებს უკავშირდება.
მაშინ მათ თქვეს, მათი თქმით, „სანდო წყაროსგან“ მიიღეს ინფორმაცია, რომ მათი ეს ნაბიჯი 4 დაკავებულის თავისუფლებას წაადგება და ისინი მალე ოჯახებს დაუბრუნდებიან. ვიდეომიმართვაში მაღაროელებმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრეს.
12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა დაკავებულ 4 მაღაროელს – მერაბ სარალიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს, გიორგი ნეფარიძესა და თენგიზ გველესიანს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა და მათი წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც პროტესტის ოთხი მონაწილე დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
2025 წლის 1 მაისს მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC), რომელიც ორი დაკავებულის ინტერესებს იცავს, აღნიშნავდა, რომ საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, არ იკვეთებოდა ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე და ჭიათურელების კიდევ უფრო გაუარესებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, ბრალდებულთა პროცესში შემდგომ მონაწილეობას, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას.
შესაბამისად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ადვოკატებმა სასამართლოს დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლების და აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავა.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მათ ბრალი დაუმძიმდათ.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.