მესტიაში ძალიან მწარედ მოხვდათ ცხვირ-პირში - ქარდავა პარტიის ოფისის გაპროტესტებაზე

პუბლიკა

პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” წევრებმა „ალტ-ინფოს” 15 მარტის გადაცემაში მათი ოფისების გახსნის თაობაზე პროტესტზეც ისაუბრეს. მათ ღიად და ცალსახად თქვეს, რომ მათი მხარდამჭერების მხრიდან იქნება ბევრად უფრო მწვავე პასუხი და „მუშტების და ძალის ენით არავის ალაპარაკებენ.

პარტიის წევრებმა ასევე გამოყვეს საგარეჯოსა და მესტიაში მომხდარი შემთხვევები.  საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევაზე გამოძიებაა დაწყებული.  მესტიაში კი სცემეს იმ ადამიანებს, ვინც „ალტ-ინფოს” პარტიის ოფისის გახსნა გააპროტესტა. აღნიშნულზე პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა ამბობს, რომ „ვანდალიზმის ფაქტი მკაცრად იქნა აღკვეთილი, პირდაპირ, ცხვირ-პირში”.

პარტიის კიდევ ერთი წევრი ირაკლი მარტინენკო ამბობს, რომ მათ მხარდამჭერებს პასუხის გასაცემად განსხვავებული ესთეტიკა, მეთოდები და სტილი აქვთ და რომ „რაღაცა ფლეშმობებს ნაკლებად დადგამენ”.

ირაკლი მარტინენკო: „ჩვენ ყველა რეგიონში გვაქვს დიდი მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენზე შემოტევას იქ ჩვენი მხარდამჭერები აღიქვამენ მათზე, მათ პოზიციაზე შეტევად და მათ შეურაცხყოფად, იმიტომ, რომ ეს არის საერთო პოზიცია. და როდესაც ვიღაცები მორბიან, რომ ოფისთან, სადაც ან არავინ არაა, რაღაც წარწერა მიაჯღაბნონ – „მოღალატეებო“ ან „რუსეთის აგენტებო“ და ამას ეუბნებიან, ცხადია ამას, ჩვენი მხარდამჭერი, რიგითი ადამიანი აღიქვამს როგორც საკუთარ შეურაცხყოფად, რადგან იგულისხმება, რომ თავადაც იქ რომ იყოს, იგივე პოზიციით დაელაპარაკებიან…

ასეთი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, არ არის უსაფრთხო ზოგადად. ეს საზოგადოებაში კონფლიქტის გამომწვევია.

ადგილზე ბევრი ადამიანი აღშფოთებულია და იქ ვინ, რა, როგორ გააკეთა, მე არ ვიცი, და ვერ გავარჩევ… „ნაციონალები“, რომლებიც უკვე 9 წელია ხელისუფლებაში აღარ არიან და ამერიკის აქტიური მხარდაჭერითა და ამ ომის ფონზე ილუზორული წარმოდგენებით გული მოეცათ და აგრესიულად, რადიკალურად და ძალაზე იყურებიან და ეგრე ლაპარაკობენ, მაგაზე ხალხი რა თქმა უნდა, აღშფოთდება.

საგარეჯოში ჩვენთან რომ მოვიდნენ, [და მერე] იქ თუ მივიდნენ, როგორი განწყობაც დაეუფლათ ჩვენთან მოსვლის შემდეგ, ისე იმოქმედეს როგორც ჩანს.

ცხადია, ჩვენი მხარდამჭერების ესთეტიკა და ზოგადად განწყობები და მეთოდები ცოტა განსხვავდება, რაღაცა ფლეშმობებს ჩვენი მხარდამჭერები ნაკლებად დადგამენ და შეშფოთებების გამოთქმას ალბათ ნაკლებად დაიწყებენ ხომ?! ჩვენიანებს თავისი სტილი აქვთ, ზოგადად, პოლიტიკური გამოხატვისაც, და …

ჩვენ ვაფრთხილებ ყველას, არაა ეგრე, რომ დაძაბო უსაფრთხო საქმე. რომ ძაბავ, ხალხია აქეთაც. ჩვენიანები სადმე კი არ დაიხევენ უკან და ხელებს კი არ აწევენ – „აგერ ხალხო, მოდით, გვლანძღეთ, გვცემეთ და ჩვენ არაფერს ვიზამთ“ – ასე არავინ არ დადგება რა, ნებისმიერ რეგიონში ყველა ჩვენიანი დაიცავს საკუთარ ინტერესებს და მუშტების და ძალის ენით არავინ არ ალაპარაკებს მათთან.

თუ ეგრე წამოვლენ სალაპარაკოდ, პროგნოზს  ვაკეთებ, გარწმუნებთ, რომ ჩვენიანების მხრიდან იქნება ბევრად უფრო მწვავე პასუხები, ვიდრე იქიდან მცდელობები რაღაცის გაკეთების. ყველგან, სადაც შეეცდებიან.

… ჩვენთან მაგ ენაზე და ძალის ენაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. დაეტიონ კანონით ჩვენზე რეაგირების მოთხოვნის სივრცეში და ვიღაც ქალბატონების შეშფოთების გამოთქმის სივრცეში”, – ამბობს ირაკლი მარტინენკო.

პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა ამბობს, რომ ისინი „აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ თავად დაიცვან თავი”.

„რაც შეეხება ჩვენ პარტიულ ოფისებთან ამათ აქციებსა და მოსვლებს, შესაბამისი პასუხი გაეცემა ყველაფერს. აბა ამათ რა ჰგონიათ?! ხალხს ექნება კანონიერი, სამართლიანი პასუხი ამ ყველაფერზე. მოგვადგებით? ათჯერ მეტ ოფისს მივადგებით ჩვენ. ვინაიდან ხელისუფლება ამ უკანონო ქმედებებს ჩვენს წინააღმდეგ არ აღკვეთს, და ამის ნიშნებს ჩვენ ვერ ვხედავთ, ჩვენ ვაძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ თავად დავიცვათ ჩვენი თავი”, – ამბობს ქარდავა.

14 მარტის გადაცემაში მან ასევე ისაუბრა მესტიაში მომხდარ შემთხვევაზე:

„არც თუ ისე ბევრნი არიან, რომ დავაკვირდეთ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების ჩვეულებრივი უხარისხო აქტივისტები არიან: – რომ შეხედო ვიზუალურად, ძალიან დეფექტური ხალხია. ვიღაც გიჟი ქალბატონები, ფემინისტები, ცოტა ჭკუასუსტი კაცები, რეალურ ძალას მათში ჩვენ ვერ ვხედავთ. ამიტომ გააპროტესტონ რამდენიც უნდათ, პრობლემა არაა.

რაც შეეხება ვანდალიზმის ფაქტებს, რამდენიმე ეგეთი ძალიან მკაცრად იქნა აღკვეთილი. ცხვირ-პირში, პირდაპირ. მესტიაში მოხდა ეგეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ლოკაციის დაზიანება სცადეს და ძალიან მწარედ მოხვდათ ცხვირ-პირში, მართლა მოხვდათ. ეგ მამაკაცებს ეხებათ, მამაკაცური მიდგომით, თუ ვინმეს რაღაც პრეტენზიები აქვთ ჩვენთან, ეგრევე მოხვდებათ და ასეთმა ქალებმა იყივლონ, იყვირონ რამდენიც უნდათ. პრობლემა არაა, პირიქით ჩვენთვის პიარია”, – ამბობს ქარდავა.