იუსტიციის სამინისტრო არ გვპასუხობს, გავლილი აქვს თუ არა მინისტრს ჯარი

პუბლიკა

ერთი კვირის წინ „პუბლიკამ” იუსტიციის სამინისტროს მიმართა კითხვით, გავლილი აქვს თუ არა მინისტრ რატი ბრეგაძეს სავალდებულო სამხედრო სამსახური.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სტუმრობისას რატი ბრეგაძემ ისაუბრა სავალდებულო სამსახურზე და თქვა, რომ „ეს არის ნამდვილად უნიკალური გამოცდილება, რომლის შანსიც ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა”.

„იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით  მუშაობს და კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს მოსახლეობაში ჯარის პოპულარიზაციის კუთხით”, – დასძინა იუსტიციის მინისტრმა.

სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რატი ბრეგაძეს გავლილი აქვს, ე.წ. სამხედრო კათედრა და აქვს სამხედრო ბილეთი.

სამხედრო კათედრები უნივერსიტეტებში არსებობდა და ინფორმაცია, რომ რატი ბრეგაძეს კათედრა გავლილი აქვს, არ გვეუბნება ნამყოფია თუ არა მინისტრი სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რაც მისი ახლანდელი კომენტარის მიხედვით უნიკალური შანსი და პრივილეგიაა.

ჩვენ დამაზუსტებელი კითხვებით მივმართეთ სამინისტროს, თუმცა ერთი კვირაა უწყება პასუხს არ გვაძლევს.

დამატება: ნიუსის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა იუსტიციის სამინიტრო და მოგვაწოდა დამატებითი განმარტება, რომ „კათედრა ვინც გაიარა, ასეთ კატეგორიას სამხედრო სამსახურში გაწვევა არ ეკუთვნოდათ./ სესაბამისად, ირიცხებოდნენ რეზერვში და მათზე გაიცემოდა სამხედრო ბილეთი”.