5-6 ივლისის მოვლენებზე მორიგი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, რატი წვერავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. წვერავა დღეს მოწმის სახით გამოიკითხა.
„მაგნაირ შვილს ჩემი ხელით მოვკლავდი“, „სულ ასე ვერ იცხოვრებთ, სულ დაცვა ვერ გაგაცილებთ, ხალხო“, – ისმის „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ კადრებში.
„იმის ნაცვლად, რომ მათ მოინანიონ ის დანაშაული, რაც 5 ივლისს ჩაიდინეს, ისინი კვლავ იმუქრებიან, აგრესიით არიან განწყობილნი ჟურნალისტების მიმართ და მზად არიან ძალადობისკენ. მას შემდეგ, რაც სასამართლოს დარბაზი დავტოვე, სადაც გამოვიკითხე როგორც მოწმე, მოვიდნენ ვიღაც გაურკვეველი პირები და მითხრეს, რომ საქმე გაგვერკვია“, – ამბობს რატი წვერავა.
აღნიშნული ჯგუფის წევრებმა ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს არჩილ ჭიჭიბოშვილსა და ხათუნა გაგნიძეს.
„რატი რომ გადიოდა, ჩვენ ოპერატორები ვიღებდით მის გასვლას, როცა შემოვბრუნდით უკან, აქ დაგვხვდა აგრესიული ჯგუფი, მათგან ერთ-ერთი მივიდა ჩემს ჟურნალისტთან; პროვოკაციულ კითხვებს უსვამდა, რაზეც ძალიან ზრდილობიანად ვთხოვე, რომ არ გვინდა ახლა ეს კითხვები, რომ რამე გართულება არ მოჰყოლოდა. რამდენიმე აგრესიული ადამიანი მომვარდა, მეძახეს ფულის მონა და სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რაზეც მე ვერ მოვითმინე და იმავეთი ვიპასუხე და დაიწყო გაწევ-გამოწევა, რომელიც მერე აღკვეთა მანდატურის სამსახურმა“, – ამბობს „რუსთავი 2-ის“ ოპერატორი.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ და თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა.
„Მომხდარი ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის მასშტაბური თავდასხმის მონაწილეებისა და ორგანიზატორების სათანადო დაუსჯელობამ წაახალისა მედიის წარმომადგენლებისა და, ზოგადად, უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედებები.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ 2 მარტს სასამართლოს ეზოში განვითარებული მოვლენები შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მიმართონ სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას, სავარაუდო დამნაშავეების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – ამბობს მედიაკოალიცია.
„პუბლიკა“ ცდილობს, შსს-ში გაარკვიოს, რა რეაგირება ექნება უწყებას მომხდარზე.