„გამომიშვით ერთი წუთი და დამიმატეთ მერე 6 წელი“ - 5 ივლსის საქმის ბრალდებული ჟურნალისტზე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე დაკავებულების მორიგი პროცესი გაიმართა.

დღეს „ფორმულას“ ჟურნალისტი რატი წვერავა უნდა გამოკითხულიყო, თუმცა გამოკითხვის პროცესი გადაიდო, რადგან დარბაზში ხმაური ატყდა და მოსამართლემ სხდომა ვეღარ განაგრძო.

პროცესის დასაწყისში ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ რატი წვერავამ თვალი ჩაუკრა.

„ბავშვობის მეგობარივით შემოვიდა, თვალი ჩამიპაჭუნა“, – რამდენჯერმე გაიმეორა რეპლიკა ბრალდებულმა, გიორგი ნასყიდაშვილმა, რის შემდეგაც მას მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მოწმის გამოკითხვის დაწყება სცადა, თუმცა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და მოსამართლეს მიმართა, რომ ჰკითხოს წვერავას, რატომ ჩაუკრა თვალი ბრალდებულს. მოსამართლემ დარბაზში მსხდომებს კვლავ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ რატი წვერავამ, რომელიც 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი, ჩვენების მიცემა დაიწყო.

წვერავას, რომელიც ბრალდების მოწმეა, პირველად შეკითხვები პროკურორებმა დაუსვეს.

რატი წვერავა 5 ივლსის მოვლენების გახსენებისას იყენებდა სიტყვებს: „რადიკალები“, „მოძალადეები“, „არაკაცები“, რასაც ბრალდებულების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„გამომიშვით ერთი წუთი და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდევ, მიმიშვით ერთი ამ არაკაცთან მართლა, ეს ვინ არის, რატომ გვაყენებს შეურაცხყოფას?“, – განაცხადა ბრალდებულმა გიორგი ნასყიდაშვილმა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ბრალდებულს დამშვიდებისკენ, ხოლო რატი წვერავას კორექტულობისკენ მოუწოდა.

მოსამართლის მოწოდების მიუხედავად, ბრალდებული არ მშვიდდებოდა და ამბობდა, რომ „8 თვეა, ამ არაკაცის გამო ზის ციხეში“.

„ამნაირ ვიგინდარას რომ შემოარტყამ, მოძალადე მერე მე ვარ და ეს არის ანგელოზი“, –  განაცხადა ბრალდებულმა.

ამის შემდეგ ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ის სხდომას პროტესტის ნიშნად ტოვებს, რის გამოც ადვოკატი მოსამართლემ 300 ლარით, დაუმორჩილებლობის მიზეზით, დააჯარიმა.


5 ივლისს ჟურნალისტ რატი წვერავას ჰომოფობიურ და ძალადობრივ აქციაზე ათობით ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

რატი წვერავას თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც პარლამენტის წინ აქციაზე ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა მისი გაყვანა მოითხოვა, შემდეგ კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ქაშუეთის ეკლესიამდე მას მისდევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.