შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს. უწყების განცხადებაში წერია, რომ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულებამ ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 6 მილიონ-ნახევარი ლარია.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 291 კილო და 340 გრამი „კანაფი“ 18 კილო და 364 გრამი „მარიხუანა“ , 290 გრამი „ჰეროინი”, 981 აბი „სუბუტექსი”, 630 აბი „კოდეინი”, 448 აბი და 5,46 გრამი „მდმა”, 262 კაფსულა და 25 გრამი „პრეგაბალინი”, 218 აბი და 16 გრამი „ტრამადოლი”, 133 აბი „ამფეტამინი”, 5 ამპულა „მორფინის ჰიდროქლორიდი”, 53 გრამი „მეტადონი”, 4,5 გრამი „მორფინი” და 36 გრამი კანაფის ფისი”, – წერს შსს.
სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.
მათივე თქმით, ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.