7 აპრილს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 ახალგაზრდა თავისუფალია.
თაზო კვესელავამ, ვატო სამხარაძემ და რეზი დუმბაძემ იზოლატორში 48 საათი გაატარეს.
სამხარაძე და დუმბაძე ადმინისტრაციული პროცესის დანიშვნას ელოდებიან, კვესელავას პროცესი კი უკვე გაიმართა – მოსამართლემ ის 5000 ლარით დააჯარიმა.
სამივე მათგანი ამბობს, რომ დაკავებისას პოლიციამ მათ აგინა, ასევე, მიიღეს ფიზიკური დაზიანებები.
თაზო კვესელავას თქმით, ის გზის უკანონოდ გადაკეტვის, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და პოლიციელის შეურაცხყოფის საფუძვლით დააკავეს.
„მოსამართლემ დამაჯარიმა 5000 ლარით, გადასახდელად 7 დღე მომცეს. მოსამართლემ მითხრა, რომ მეორე ჯარიმაც მელოდება – კამერის ჯარიმა.
დაკავებამდე ერთ გოგოს პოლიციელმა ხელი კრა, მწარედ ჩაარტყა ზურგში, პოლიციას ეს მწარედ გავუპროტესტე. შემდეგ გამომეკიდა და დამაკავა პოლიციის წინ”. – თქვა თაზო კვესელავამ „ტვ პირველთან”.
„დამაკავეს, როცა ჩემი მეგობრის აყენებას ვცდილობდი. მიზეზი არ ჰქონიათ, ოფიციალურად მიწერია წვრილმანი ხულიგნობა და წინააღმდეგობის გაწევა. არადა, არც შემიგინია და დიდად არც წინააღმდეგობა გამიწევია. დაკავების პროცესში იყო გინებები, ასევე, ძიძგილაობის დროს, სანამ მანქანაში ჩამსვამდნენ, რამდენიმე დაზიანებაც მივიღე სახეზე. მელაპარაკებოდნენ, რას დგახართო. მე რომ ვუთხარი, ფულს არავინ მიხდის-მეთქი, შენ რა გიხდიან, მაგრამ სხვებს უხდიანო”. – ამბობს ვატო სამხარაძე.
„როცა მივხვდი, რომ დაჭერები იწყებოდა, გავერიდე, მაგრამ მაინც გამომეკიდნენ და ამიყვანეს. გადაყვანის დროს იყო გინება და მუქარა, კიდევ დაგინახავ და გაჩვენებ სეირსო”. – თქვა რეზი დუმბაძემ.