7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობა გაუქმდა - პროკურორი

პუბლიკა

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება –  პატიმრობა გაუქმდა.

„7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა. სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ აღარ იყო პატიმრობის გამოყენების საჭიროება და მან გააუქმა აღკვეთის ღონისძიება.

აქვე განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამავე დროს მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან,“ – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაური.

დღეს, 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზე მიმდინარეობდა.

აღნიშნულ საქმეზე, სააკაშვილის გარდა, ბრალდებულია გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.

დღევანდელი სასამართლო სხდომის დაწყებამდე პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ეტაპირება არ იგეგმება, რადგან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან იგეგმებოდა გარკვეული დესტრუქციული ხასიათის ქმედებები, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს.

მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.