1 300-ლარიანი ფეხსაცმელი, 3200-ლარიანი საათი - რას ინახავდა პოლიციელი მანქანაში, რომლის დაწვასაც ლაზარეს ედავებიან

პუბლიკა

შესწორება: მასალის სათაური ჩასწორდა და 7 000-ლარიანი ფეხსაცმლის ნაცვლად დაიწერა 1 300-ლარიანი ფეხსაცმელი. 7 300-ლარიანი ფეხსაცმელი სხდომაზე ახსენა დაცვის მხარის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ, რომელიც ნივთების ღირებულებას ოქმიდან კითხულობდა. 7 300 ლარის ხსენებისას სხდომის აუდიოჩანაწერში ბუნდოვნად ისმის პოლიციელის ხმა თანხის კორექტირების მიზნით, რომელიც ამბობს მხოლოდ ერთ სიტყვას – ათასი. სხდომათა დარბაზში აკუსტიკური პრობლემისა და პოლემიკისას ხმების გადაფარვის შედეგად შეუძლებელი გახდა პოლიციელის რეპლიკის გაგონება. როგორც „პუბლიკამ“ შემდგომ გაარკვია, პოლიციელი გულისხმობდა 1 300-ლარიან ფეხსაცმელს და მისი სიტყვა – ათასი მიემართებოდა 7 300 ლარიდან ათასეულის შესწორებას – ათასი ლარით. „პუბლიკა“ ბოდიშს უხდის საზოგადოებას დაშვებული შეცდომისთვის.


დღეს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოწმის სახით დიდუბეჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე გამოიკითხა. სწორედ მისი ავტომობილის დაწვას ედავება პროკურატურა ბრალდებულ გრიგორიადისს

დღევანდელ პროცესზე, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ თქვა, რომ მაისურაძე თავის ჩვენებაშიყვება, რომ მანქანაში, რომელიც მარტის აქციებზე დაიწვა მისი პირადი ნივთებიც იყო.

1 300-ლარიანი ფეხსაცმელი [7 300 ლ.ბ.], 3 200-ლარიანი საათი, 1 300-ლარიანი სათვალე – ეს ჩამონათვალი სხდომაზე ადვოკატმა ლიკა ბითაძემ წაიკითხა და შემდგომ დაცვის მხარის წარმომადგენლები გიორგი მაისურაძის ხელფასით დაინტერესდნენ. როგორც ლაზარეს ადვოკატმა პროცესზე თქვა, რთული დასაჯერებელია, რომ საჯარო მოხელეს თავისი ხელფასიყოფნოდა ამ ნივთების შესაძენად.

გრიგორიადისის ადვოკატი მოწმეს: საკმაოდ ძვირადღირებულ ნივთებზე გაქვთ საუბარი, რომელიც დაგიზიანდათ ამ ავტომანქანის დაწვის შედეგად. ეს ნივთები თქვენ გეკუთვნოდათ?

გიორგი მაისურაძე: კი, მე მეკუთვნოდა. და ბარათით ვიხდიდი ყველაფერს მაღაზიაში.

ლიკა ბითაძე: თქვენ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ბრძანდებით, ხო?

გიორგი მაისურაძე: დიახ.

გრიგორიადისის ადვოკატი: ხელფასი რამდენი გაქვთ?

ამ შეკითხვას სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა. შეკითხვა არ მოეწონა და გააპროტესტა პროკურორმა. მისი თქმით, პროკურატურა არ ითხოვს ბრალდებულისგან ამ ნივთების განადგურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ეს საკითხი არ იყო საქმესთან კავშირში. 

იგივე თქვა მოსამართლე ზვიად შარაძემაც.  მოსამართლის თქმით, „კითხვას არ ჰქონდა შემხებლობა ფაქტთან დაკავშირებით”. 

ლიკა ბითაძე, გრიგორიადისის ადვოკატიგიპასუხებთ, რატომ აქვს შემხებლობა, ბატონო მოსამართლე. ბრალდებულს ედავებიან მანქანის გადაწვას და ის ნივთები, რაც მანქანაში ელაგა, ფასიანია და გამოდის, რომ ედავებიან იმ ზიანის ანაზღაურებასაც, რაც დაიწვა. ვეკითხები, თუ რეალურად ელაგა იმ მანქანაში, ხელფასი რამდენი აქვს? 10 000 ლარზე მეტის ღირებულების ნივთებია ჩამოთვლილი და როგორ დავიჯერო, რომ საჯარო მოხელის ხელფასი საკმარისია ამ ნივთების შესაძენად.

მოსამართლე შარაძე: ერთი წამით, გავიგე. ღირებულებასთან მიმართებაში ხელფასი მესმის და დარწმუნებული ვარ, 2 000 ლარზე მეტი არ ექნება. ამაზე არც არის საუბარი

3 000 ლარიც რომ გქონდეთ, საიდან იყიდეთ, ამაზე არ ვდავობთ. როგორ დაზოგა ხელფასი და რამდენი ჰქონდა ანაბარზე, ამას არ განვიხილავთ.

ამ საკითხზე საუბარი პროცესზე სწორედ მოსამართლის გადაწყვეტილებით დასრულდა.


გიორგი მაისურაძეს დღევანდელ პროცესზე არ უთქვამს, რომ პოლიციის ავტომანქანა ლაზარე გრიგორიადისმა დაწვა. მის მიმართ ერთ-ერთი ბრალდება კი სწორედ პოლიციელის ავტომობილის დაწვაა. ლაზარეს მორიგი პროცესი 27 ივნისს გაიმართება.