მოქალაქეები დიღმის ჭალებში უკანონო საქმიანობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ

პუბლიკა

დიღმის ჭალების მცხოვრებლები ცენტრალურ და მუნიციპალურ უწყებებს დიღმის ჭალების განადგურების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

ჭალების სამეზობლო ინიციატივამ გარემოს დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიას განცხადებებით მიმართა დიღმის ჭალებისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი კომპანიებისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე.

ადგილობრივები მერიისგან და სამინისტროსგან მოითხოვენ:

  • დაიანგარიშონ და დადგინდეს საწარმოების: „ლიდერ ბეტონის“, „გ.რ მოტორსისა“ და „იბერიამშენის“ მიერ განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობით მიყენებული ზიანის ოდენობა;
  • დაეკიროს ამ სამ კომპანიას მიწის ნაკვეთებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით;
  • ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დაუყოვნებლივ განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა მოქმედება კომპანიებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიმართ.

ადგილობრივების ცნობით, მათი სამართლებრივი ბრძოლის მიზანია, გადაარჩინოს და აღადგინოს დიღმის ჭალების უნიკალური არეალი, რომელიც, მათი თქმით, კერძო კომპანიების უკანონო ქმედებებისა და პასუხისმგებელი სახელმწიფო და მუნიციპალური უწყებების გულგრილობის გამო განადგურდა.

„საჩივრები ადანაშაულებს სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს მათ უმოქმედობაში, ეფექტურად აღეკვეთათ სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონო და დანაშაულებრივი გამოყენება იმ კერძო კომპანიების მიერ, რომლებიც ადგილზე ახორციელებდნენ ქვა-ღორღის მოპოვებას, გადამუშავებასა და სამშენებლო მასალების წარმოებას, ასევე ხელს უწყობდნენ უკანონოდ დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენების განთავსებასა და ჰაერის, წყლისა თუ ნიადაგის დაბინძურებას.

ორწლიანი ინტენსიური ჭიდაობა დაგვჭირდა, რათა სამინისტროსა და მერიას დიღმის ჭალების ტერიტორიაზე კრიმინალური საქმიანობები შეეჩერებინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ უწყებებს საბოლოოდ მოუწიათ ქვა-ღორღის გადამუშავების და საშენი მასალების წარმოების შემაჩერებელი განკარგულებების გაცემა, იგივე უწყებებს და პროკურატურას, რომელსაც ჩვენ ასევე მრავალჯერ მივმართეთ, არაფერი გაუკეთებიათ დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად, რომელთაც კრიმინალური საქმიანობით მილიონობით ლარის სარგებელი ნახეს და კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენეს გარემოს“, – აცხადებს დიღმის ჭალების საინიციატივო ჯგუფის ლიდერი ანა ტრაპაიძე.

დიღმის ჭალების ინტერესებს იურისტი კახა კოჟორიძე იცავს, რომელიც განმარტავს, რომ მათი განცხადება ავალდებულებს სამინისტროს და მერიას, შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება, რომ მოსახლეობის სახელით დაიცვან სახელმწიფო, საჯარო ქონება, ბუნებრივი რესურსები და იმოქმედონ მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.

როგორც დიღმის ჭალების გადასარჩენად სამართლებრივ ბრძოლაში ჩართული კიდევ ერთ იურისტი თედ ჯონასი აცხადებს, როცა თბილისის მერი ამბობს, რომ არავის შეუძლია, თვითნებურად ისარგებლოს სახელმწიფო მიწით, ის მხოლოდ იმ ადამიანებს გულისხმობს, რომლებმაც იმიტომ აიშენეს სახლი უკანონოდ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

„ამავდროულად თბილისის მერი კმაყოფილი ხუჭავს თვალს ქალაქის საჯარო მწვანე სივრცის ბრუტალურ განადგურებასა და ექსპლუატაციაზე, როცა ამით პრივილეგირებული, მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კერძო კომპანიები სარგებლობენ“, – განაცხადა ჯონასმა.

დიღმის ჭალების შესახებ დღეს ისაუბრა თბილისის მერმაც.

„უკანონოდ იყო… ამაზე განცხადებებიც გაკეთდა. რაც შეეხება დიღმის ჭალების ტერიტორიას, აქ მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, აშენდება პარკი, ამასთან დაკავშირებით პროექტი დამზადებულია და როდესაც დაფინანსებას მოვიპოვებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, კიდევ ერთი, ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე შეემატება დიღმის ჭალების სახით დედაქალაქს“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება დიღმის ჭალების მცხოვრებლების დღევანდელ მოთხოვნებს, თბილისის მერიის პრესსამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ აღნიშნულზე მერია პასუხს ვერ გასცემს და ვერც ზარალს დაითვლის, რადგან საკითხი სასამართლო დავის საგანია.

„ჩვენ რაც შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი კუთხით, წინა კვირაშიც დაასუფთავა თბილსერვისმა ტერიტორიის ნაწილი და პერიოდულად გაგრძელდება ასე. ამას გარდა, უკვე სრულდება პარკის პროექტირება და პროექტი გაეცნობა საზოგადოებას“, – განგვიცხადეს მერიაში.

„პუბლიკას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გადაგზავნილია მასალები საგამოძიებო უწყებაში. მათივე განმარტებით, ვინაიდან დადგენილი არ არის სამართლდამრღვევი პირები, გამოძიების დასრულებამდე, დეპარტამენტი რეაგირების გატარების შესაძლებლობას მოკლებულია.


გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთი წლის წინ, 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში კომპანია „ლიდერ ბეტონს“, „გ.რ მოტორსსა“ და „იბერიამშენს“ ადგილზე ქვა-ღორღის მოპოვება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ნებართვა გაუუქმა, თბილისის მერიამ კი მათ საწარმოს დემონტაჟისთვის გარკვეული ვადა მისცა და კომპანიების წარმომადგენელი 25 000 ლარით დააჯარიმა.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ კომპანიები ჭალებში უნებართვოდ, კანონდარღვევით მოიპოვებდნენ და გადაამუშავებდნენ ქვა-ღორღს.

დიღმის ჭალების ტერიტორია, რომელიც 70 ჰექტარს მოიცავს, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, სარეკრეაციო-სატყეო და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაა. აღნიშნული სტატუსი სარეკრეაციო დანიშნულების გარდა, ყველა საქმიანობას ზღუდავს.

დიღმის ჭალები განსაკუთრებული ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა, აქ ბინადრობენ წითელი ნუსხით დაცული სახეობები და მათ შორის წავები.

სამოქალაქო სექტორის ანგარიშით, უკანონო კარიერულმა სამუშაოებმა, წიაღისეულის დასაწყობება-გადამუშავებამ და სამშენებლო ნარჩენებმა, დიღმის ჭალების დაახლოებით 70% გაანადგურა.