ბრძოლა დიღმის ჭალებისთვის | ადგილობრივები დარღვევებზე რეაგირებას მოითხოვენ

ქეთი გოგუაძე

ადგილობრივი მოსახლეობა დიღმის ჭალებისთვის ბრძოლას განაგრძობს. თებერვლის შუა რიცხვებში გარემოს დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კომპანიებს ადგილზე ქვა-ღორღის მოპოვება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ნებართვა გაუუქმდათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქმიანობას მაინც განაგრძობენ. მოსახლეობა რეაგირებას მოითხოვს.

სამინისტროს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოსახლეობა უკვე წელიწადზე მეტია, მიმდინარე  უკანონო სამუშაოებზე მიუთითებს. მათი თქმით, ქვა-ღორღის მოპოვება-გადამუშავების პროცესში ბინძურდება გარემო  – გამოუსწორებელი ზიანი ადგება საწარმოო ნარჩენებით და, ამასთანავე, საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობებია მოსახლეობისთვის.

მოსახლეობის მთავარი არგუმენტი დიღმის ჭალების დასაცავად მისი რეკრეაციული სტატუსია. დიღმის ჭალების ტერიტორია, რომელიც 70 ჰექტარს მოიცავს, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, სარეკრეაციო-სატყეო და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაა. აღნიშნული სტატუსი სარეკრეაციო დანიშნულების გარდა, ყველა საქმიანობას ზღუდავს.

მოსახლეობის ბრძოლა დიღმის ჭალებისთვის ორ მიმართულებას მოიცავს – ისინი ცდილობენ, სამართლებრივი გზით შეაჩერონ ადგილზე მიმდინარე სამუშაოები და დაიწყოს ტერიტორიის რეაბილიტაცია სპორტულ-რეკრეაციული მნიშვნელობის საჯარო სივრცედ;

ანა ტრაპაიძე, ადგილობრივი მცხოვრები, დიღმის ჭალების მცველი.

ის გვიყვება იმ გზაზე, რაც დიღმის ჭალების მცველებმა ბოლო პერიოდში გაიარეს. ანა ტრაპაიძის განმარტებით, თებერვალში გარემოს დაცვის სამინისტრომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქმედ 2 კომპანიას გაუუქმა საქმიანობისთვის საჭირო ნებართვები –  „ლიდერ ბეტონს“ ტექნიკური ანგარიში, ხოლო „გ.რ მოტორსს“ – სკრინინგის გადაწყვეტილება.

ანა ტრაპაიძე განმარტავს, რომ ლეგალური საქმიანობისთვის, საწარმოებს სამინისტროსთან შეთანხმებული უნდა ჰქონდეთ ტექნიკური ანგარიში.

„დაფქვა როგორ ხდება, წყალს სად იღებენ, ჰაერს როგორ აბინძურებენ… ეს ნორმას შეესაბამება თუ არა და ზიანი დასაშვებია თუ არა“, – ამბობს ის.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სავალდებულო შეთანხმებას.

მისივე ცნობით, „ლიდერ ბეტონმა“ და „გ.რ. მოტორსმა“ ამ ნებართვების მისაღებად მოქმედება პოსტ ფაქტუმ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც წარმოება უკვე მიმდინარეობდა.

ტრაპაიძის თქმით „ლიდერ ბეტონმა“ გარემოს დაცვის სამინისტროს ტექნიკური ანგარიშის შეთანხმებისთვის მიმართა, ხოლო „გ.რ მოტორსმა,“ ვინაიდან დიდი საწარმოს გაკეთება უნდოდა, მიმართა სკრინინგის პროცედურისთვის, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს, სჭირდებათ თუ არა, დამატებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

  • დიღმის ჭალები
  • 154751183-2788647591408383-7177756867003307058-n
  • 153529141-1572046596328776-1106767762007604604-n
  • 01 /

2020 წლის 18 სექტემბერს გარემოს დაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება (N2-832), რომლის მიხედვით, „გ.რ მოტორსს“ ქვიშა-ხრეშის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წარდგენა არ სჭირდებოდა.

ადგილობრივების თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სკრინინგის გადაწყვეტილება გასცა ტერიტორიის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე, არც ტერიტორია დაუთვალიერებიათ და არც თბილისის გენგეგმით მისი ზონალური სტატუსი შეუსწავლიათ.

ორივე კომპანიასთან დაკავშირებით პროცედურები  სასამართლოში გაასაჩივრეს.

„ჯერ სამინისტროს მივწერეთ დიდი წერილი, რატომ არ შეიძლება, „გ.რ მოტორსს“ შეუთანხმდეს ტექნიკური ანგარიში, ვინაიდან ეს არის სარეკრეაციო ზონა, მუნიციპალური ზონა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, აქ იყოს ამგვარი საწარმო, მით უმეტეს, არანაირი უფლება არ გააჩნიათ. კიდევ არგუმენტები იყო, რომ მანდ ზურმუხტის ქსელია და საფრთხის ქვეშ დგება. იქვეა ღია საცურაო აუზი და ზონალურად ეს არის სარეკრეაციო-სატყეო ზონა.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრეთ „გ.რ მოტორსის“ სკრინინგის გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრით კი – „ლიდერ ბეტონის“ ტექნიკური შეთანხმებაც“, – ამბობს ანა ტრაპაიძე.

დიღმის ჭალების მცველის თქმით, მიუხედავად ტექნიკური ანგარიშის შეუთანხმებლობისა, „გ.რ მოტორსი“ სექტემბრიდან მოყოლებული აქტიურად მუშაობდა. ის ყურადღებას ამახვილებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გულგრილობაზე ადგილობრივების სატელეფონო ზარების მიმართ. მისი თქმით, ცხელ ხაზზე 22 შეტყობინებას მხოლოდ ერთხელ მოჰყვა რეაგირება. შემდეგ ასევე მიმართეს შიდა აუდიტსაც.

მისი თქმით, მათი საჩივრის სასამართლო განხილვის დაწყებამდე გარემოს დაცვის მინისტრმა თავისივე ბრძანება „გ.რ მოტორსის“ სკრინინგზე არარად ცნო, „ლიდერ ბეტონის“ ტექნიკური ანგარიშის შეთანხმებაც გააუქმა.

ანა ტრაპაიძე ამბობს, რომ კომპანიებს მერიისგან მიცემული აქვთ  20 დღე, რომ საწარმო დაინგრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექციის აღსრულება დაანგრევს მათ. ადგილობრივი ვარაუდობს, რომ კომპანიები გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებას გამოიყენებს.

დიღმის ჭალების მცხოვრებლები სასამართლოში დავას გააგრძელებენ, რადგან ეჭვი აქვთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს სკრინინგის განცხადება არ შეუსწავლია, არც ტერიტორია დაუთვალიერებიათ, არც იმისთვის მიუქცევიათ ყურადღება, რომ საწარმო უკვე აშენებული იყო და პოსტ ფაქტუმ შეიტანეს განაცხადი.

„მათ ადმინისტრაციული კოდექსის 186-ე მუხლი ავალდებულებთ, რომ ყველაფერი უნდა გაარკვიონ, შეისწავლონ დოკუმენტი და მხოლოდ ამის მერე იმსჯელონ. ამათ თავიანთი საქმე ჯეროვნად არ შეუსრულებიათ. სასამართლომ, როგორც მაკონტროლებელმა, ამაზე გვინდა, რომ გაამახვილოს ყურადღება. შეიძლება, გამგეობაც ჩავრთოთ, რადგან გამგეობა მეორე ჩეკ-პოინტი იყო, რომელსაც უნდა შეემოწმებინა, რა დოკუმენტი მიიღეს მის ტერიტორიაზე“, – გვითხრა ანა ტრაპაიძემ.

სამინისტროს ბრძანებების მიუხედავად, 27 და 28 თებერვალს საწარმოები ისევ ამუშავდა.

 „გ.რ მოტორსი“ ფქვავდა ქვას, საღამოს „ლიდერ ბეტონმაც“ გააფრქვია, თუმცა ცოტა ხნით იყო და აღარ გაგვიმახვილებია ყურადღება. „გ.რ მოტორსმა“ დიდი ხანი იმუშავა და მაგაზე მოვახდინეთ რეაგირება“, – განმარტავს ანა ტრაპაიძე, რომელმაც ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შეატყობინა.

მისი თქმით, დეპარტამენტის წარმომადგენლები შაბათს მივიდნენ, ფაქტზეც მიუსწრეს, რის შემდეგაც საწარმომ მუშაობა შეაჩერა, თუმცა კვირას ისევ განაახლა და დეპარტამენტის მისვლამდე გააჩერა. ანა ტრაპაიძის თქმით, დეპარტამენტის წარმომადგენლებს „გ.რ მოტორსი“ იქვე არ დაუჯარიმებია და ადგილობრივებს განუმარტეს, რომ უქმე დღის გამო ორშაბათიდან განიხილავდნენ და იმსჯელებდნენ, როგორ უნდა დაეჯარიმებინათ საწარმო.

რას ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ „პუბლიკსითვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „გ.რ მოტორსს“ და „ლიდერ ბეტონს“ წარედგინა დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობა სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს და ბეტონის მწარმოებელი საწარმოს ფუნქციონირების დაუყონებლივ შეჩერების თაობაზე. მათი ცნობით, მიწერილობამათ ჩაბარდა 2021 წლის 25 თებერვალს.

გარდა ამისა, საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტმა იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე შპს „გ.რ მოტორსის“ და „ლიდერ ბეტონის“ კუთვნილი საწარმოს საქმიანობის შეჩერების შესახებ ბრძანების გაცემასთან დაკავშირებით. მათი ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 27 და 28 თებერვალს „შედგა შესაბამისი აქტი“ და „გატარდება შესაბამისი რეაგირება“. დეპარტამენტი ამბობს, რომ არსებული მასალები დამატებით წარედგინება თბილისის საქალაქო სასამართლოს.

რა წერია სამინისტროს ბრძანებებში

შპს „ლიდერ ბეტონისთვის“ გაგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ გაუქმდა ბეტონის წარმოების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში.

დოკუმენტის გაუქმების თაობაზე წარმოების დაწყების საფუძვლად სამინისტრო ანა ტრაპაიძის განცხადებას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის და ურბანული განვითარების სააგენტოდან მიღებულ კორესპონდენციას ასახელებს.

მერიის კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 1 (რზ1), ამ ზონაში კი დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ასევე მიმართა მარიამ მაღრაძემ და მოითხოვა ტექნიკური ანგარიშის გაუქმება. თუმცა „ლიდერ ბეტონს“ სამინისტროში პოზიცია არ წარუდგენია.

როგორც ზემოთ აღინიშნა, გარემოს დაცვის მინისტრმა შპს გ.რ. მოტორსზე გაცემული სკრინინგის გადაწყვეტილებაც არარად ცნო. კერძოდ, 2020 წლის 18 სექტემბერს ბრძანებით გაიცა სკრინინგის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დაგეგმილი საქმიანობა არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

მინისტრის 10 თებერვლის ბრძანებით ირკვევა, რომ სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, მიუხედავად მათ მიერ გაგზავნილი წერილისა,  საბურთალოს რაიონის გამგეობას სამინისტროსთვის არ უცნობებია საპროექტო ტერიტორიის (ზონირება) და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების/აკრძალვების შესახებ.

ასევე, მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ 23 სექტემბერს [სკრინინგის გადაწყვეტილების შემდეგ] შპს „გ.რ. მოტორსმა“ სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინა ტექნიკური ანგარიში. თუმცა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში მოქალაქე ანა ტრაპაიძის მიერ სამინისტროში წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და მასზე ვრცელდება რეკრეაციული ზონა 1-ის და სატყეო ზონის სტატუსი.

სამინისტრომ ეს ინფორმაცია გაადაამოწმა მერიის შესაბამის სამსახურებთან, საიდანაც მიღებული პასუხებიდან გაარკვიეს, რომ სკრინინგის განცხადებით წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე რზ1 სტატუსი ვრელდებოდა.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სამინისტრომ დაიწყო სამართლაწარმოება გაცემული სკრინინგის გადაწყვეტილების არარად ცნობაზე. ბრძანებაში წერია, რომ არც  შპს ,,გ.რ მოტორსმა“ წარადგინა  საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი მოსაზრებები.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მინისტრის ახალი ბრძანებით ასევე გაუქმდა ,,გ.რ მოტორსზე“ გაცემული სკრინინგის გადაწყვეტილება.

ვინ არიან კომპანიის მფლობელები

მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „გ.რ მოტორსის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მმართველი გენადი ჭანტურიძეა.

ჭანტურიძეა ასევე „იბერია მშენის“ დირექტორი და 89%-იანი წილის მმართველი. კომპანიის მეორე მეწილედ რეგისტრირებულია ნიკოლოზ გალაშვილი.

რეესტრის მიხედვით, გენადი ჭანტურიძე ფლობს „ლიდერ ბეტონის“ 51%-იან წილს და არის დირექტორი. კომპანიის მეორე მეწილედ რეგისტირებულია ზაზა ზარიძე.