დიღმის ჭალებში ნებართვის გარეშე აშენებული საწარმოებისთვის კომპანიები დაჯარიმდნენ

პუბლიკა

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიღმის ჭალებში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანიების წარმომადგენელი 25 000 ლარით დააჯარიმა და სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი დაავალა.

როგორც დიღმის ჭალების მცველმა ანა ტრაპაიძემ „პუბლიკას“ განუმარტა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვა-ღორღის მომპოვებელ-გადამამუშავებელი და ბეტონის მწარმოებელი კომპანიების „გ.რ მოტორსისა“ და „ლიდერ ბეტონის“ შენობები და დანადგარებია განთავსებული. ტრაპაიძის თქმით, ინსპექციის გადაწყვეტილება ორივე კომპანიის ნაგებობებს შეეხება, ჯარიმა კი არა ცალ-ცალკე ორივე კომპანიის სახელზე, არამედ ერთი წარმომადგენლისთვის გამოიწერა.

ანა ტრაპაიძის წერილის საპასუხოდ პასუხის დოკუმენტში მუნიციპალური ინსპექცია აღწერს, რა ტიპის ნაგებობები და კონსტრუქციებია განთავსებული ტერიტორიაზე და ნათქვამია, რომ დაიწყო საქმის წარმოება და სამართალდამრღვევის მიმართ 2020 წლის 14 სექტემბერს გაიცა მითითება, რომლითაც მხარეს განესაზღვრა 25 კალენდარული დღე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟისთვის.

მუნიციპალურმა ინსპექციამ 12 ოქტომბერს შეამოწმა და დააფიქსირა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

დამატებითი გამოკლვლევისა და შესწავლისთვის განისაზღვრა 2-თვიანი ვადა 11 დეკემბრიდან 11 თებერვლამდე.

ინსპექციამ 11 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც სამართალდამრღვევი დაჯარიმდა 25 ათასი ლარით და დაევალა ნაგებობა-კონსტრუქციების დემონტაჟი.

დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება მხარის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და მერიის იურიდიულ სამსახურში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს 128-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ უნებართვო მშენებლობა განხორციელებულია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

მერიამ სააღსრულებო ფურცელი უკვე გასცა.


ადგილობრივი მოსახლეობა დიღმის ჭალებისთვის ბრძოლას განაგრძობს. თებერვლის შუა რიცხვებში გარემოს დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კომპანიებს ადგილზე ქვა-ღორღის მოპოვება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ნებართვა გაუუქმდათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქმიანობას მაინც განაგრძობენ. მოსახლეობა რეაგირებას მოითხოვს.

სამინისტროს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოსახლეობა უკვე წელიწადზე მეტია, მიმდინარე  უკანონო სამუშაოებზე მიუთითებს. მათი თქმით, ქვა-ღორღის მოპოვება-გადამუშავების პროცესში ბინძურდება გარემო  – გამოუსწორებელი ზიანი ადგება საწარმოო ნარჩენებით და, ამასთანავე, საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობებია მოსახლეობისთვის.

მოსახლეობის მთავარი არგუმენტი დიღმის ჭალების დასაცავად მისი რეკრეაციული სტატუსია. დიღმის ჭალების ტერიტორია, რომელიც 70 ჰექტარს მოიცავს, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, სარეკრეაციო-სატყეო და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაა. აღნიშნული სტატუსი სარეკრეაციო დანიშნულების გარდა, ყველა საქმიანობას ზღუდავს.