საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხანუმ ჯერანოვას საქმეზე, 8 წლის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში ამბობენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამმა პირმა სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხანუმ ჯეირანოვას ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს.
„2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ბრალდებულებმა ხანუმ ჯეირანოვა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფლის ცენტრში მიიყვანეს.
სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ, ამბობენ პროკურატურაში.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულების და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად, 2014 წლის 18 სექტემბერს ხანუმმა თავი მოიკლა.
წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხანუმ ჯეირანოვას შვილები, ოჯახის წევრები და უფლებადამცველები წლების მანძილზე ითხოვდნენ საქმის გამოძიებას. აქციები იმართებოდა გენერალურ პროკურატურასთან. თუმცა უშედეგოდ. პროკურატურამ სამ პირს ბრალდება მას შემდეგ წარუდგინა, რაც გაეროს ქალთა უფლებათა კომიტეტმა 2021 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა დასკვნა და დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ხანუმ ჯეირანოვას მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. კომიტეტმა საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის.