როდის აღასრულებს სახელმწიფო ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილებას?

თათია ხალიანი

„2014 წელს სოფელ ლამბალოში ხანუმ ჯეირანოვა ოჯახის ახლობლებმა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით სასტიკად სცემეს, სოფელში ჩამოატარეს, რა დროსაც მან გონება რამდენჯერმე დაკარგა. მეორე დღეს კი ის გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ბაღის ფარდულში თოკზე ეკიდა. ამის გამო არავინ დასჯილა. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სათანადო გამოძიება“, – წერია გაეროს ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტის 2021 წლის 11 ნოემბრის დასკვნაში.  კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ადგილი ჰქონდა ხანუმ ჯეირანოვას მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობას. დასკვნა კომიტეტმა ხანუმ ჯეირანოვას შვილების საჩივრის განხილვის შემდეგ მოამზადა. ჯეირანოვას შვილები 11 და 7 წლის იყვნენ, როდესაც მათი დედა გარდაიცვალა.

გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) მოუწოდა საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ხანუმ ჯეირანოვას მიმართ ჩადენილ ძალადობასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებით; უზრუნველყოს ადეკვატური კომპენსაციის გადახდა ჯეირანოვას ოჯახისთვის; ასევე, კომიტეტმა საქართველოსგან ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

საქართველომ 6 თვის ვადაში კომიტეტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რას აკეთებს ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად. დასკვნის გამოქვეყნებიდან მალე სამი თვე გავა, რა პასუხი აქვს  სახელმწიფოს და რა პროცედურებია გასავლელი?

ხანუმ ჯეირანოვას ამბავი – რა მოხდა 2014 წელს

2014 წლის 16 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას ქმრის ნათესავები ღალატში ადანაშაულებდნენ. ისინი ხანუმ ჯეირანოვასთან სახლში მივიდნენ, როდესაც ის მარტო იყო მცირეწლოვან შვილებთან ერთად. გამოიყვანეს გარეთ, ფეხშიშველი სოფელში ჩამოატარეს, თან სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ხანუმ ჯეირანოვამ რამდენჯერმე დაკარგა გონება. შემთხვევას ჰყავდა თვითმხილველები, სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც თვალს ადევნებდნენ, რაც ხდებოდა, მაგრამ არ ჩარეულან. ასეთ მდგომარეობაში მიიყვანეს ქმრის ნათესავებმა ხანუმ ჯეირანოვა მშობლების სახლში.

გაეროს კომიტეტის დასკვნას თან ერთვის აღწერა, რა გარემოებებში იპოვეს გარდაცვლილი ხანუმ ჯეირანოვა. დოკუმენტში წერია, რომ იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლის მშობლების სახლში გამოიძახეს, სადაც მათ დახვდა ატირებული ქალი, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან ოჯახის წევრები თავის მოწამვლას აიძულებდნენ.

იმ ღამეს არც ნათესავები დაუკავებია ვინმეს და არც ქალი გადაუყვანიათ საავადმყოფოში. სოფლის გამგებელმა ქალი ოჯახს გაარიდა, მაგრამ დილით დედას დაუბრუნა. მეორე დღეს ჯეირანოვას დედამ იგი გარდაცვლილი იპოვა – ცხედარი ბაღის ფარდულში თოკზე ეკიდა. მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი მოამზადეს, თქვეს, რომ მისი ტანსაცმელი სისხლით იყო გაჟღენთილი და მოწმის ჩვენებით ის „სიკვდილამდე ნაცემი“ იყო. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარებია არც პოლიციას.

„გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. პროკურატურის ინფორმაციით, მსხვერპლმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, მათი თქმით, საკუთარი „სამარცხვინო“ და „უკადრისი“ საქციელის გამო“, – წერია დასკვნაში.

რა თქვა გაეროს კომიტეტმა

ხანუმ ჯეირანოვას საჯაროდ ცემისა და გარდაცვალების საქმეზე 2018 წელს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW), კავშირმა „საფარმა“ და  ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით მიმართეს.

კომიტეტმა დაადგინა, რომ ხანუმ ჯეირანოვა გახდა ეთნიკურ კუთვნილებასთან და პოლიციისა და სასამართლო სისტემის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ჯვარედინი დისკრიმინაციის მსხვერპლი.

კომიტეტის დასკვნით, საქართველომ ვერ უზრუნველყო ეფექტური დაცვა და არ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მათივე შეფასებით,  საქართველომ დაარღვია ვალდებულება, გამოიძიოს და დასაჯოს მსხვერპლზე თავდასხმისა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები.

გარდა საქმის გამოძიების, კომპენსაციის გადახდის და ბოდიშის მოხდისა, კომიტეტმა მოსთხოვა მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს, გააძლიეროს ზომები ქალთა სიცოცხლის უფლებისა და მათი წამებისგან თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ყურადღება გაამახვილოს იზოლირებულ, დახურულ თემებზე, სადაც ღირსების დაცვაზე დაფუძნებული ნორმები მოქმედებს.

რა პასუხი აქვს სახელმწიფოს და როდის აღასრულებს კომიტეტის გადაწყვეტილებას

ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით, „პუბლიკის“ შეკითხვებზე იუსტიციის სამინისტრომ წერილობით გვაცნობა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისი ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების გატარებას, რის შესახებაც ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო გაეროს კომიტეტს გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვის ვადაში წარუდგენს (როგორც ეს მითითებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში).

რაც შეეხება კომპენსაციის ნაწილს, იუსტიციის სამინისტროში გვითხრეს, რომ  გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებების საფუძველზე კომპენსაციის მიღება შესაძლებელია ეროვნული სასამართლოების მეშვეობით. კერძოდ, მომჩივანმა ან მისმა წარმომადგენელმა ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი უნდა წარადგინოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარადგინოს.

კავშირ „საფარის“ იურისტი, ნათია გამხიტაშვილი ამბობს, რომ მათაც სტანდარტული პასუხის მიიღეს იუსტიციის სამინისტროსგან, რომ ანგარიშს  6 თვეში წარადგენენ. თუმცა, ბოდიშის მოხდისა და გამოძიების ნაწილში ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებს სახელმწიფო.

იურისტის თქმით, „საფარი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ საკითხზე მუშაობს და ისინი შესაბამის ვადებში აუცილებლად მიმართავენ სასამართლოს კომპენსაციის მოთხოვნით. მისი თქმით, კომუნიკაცია გრძელდება და საქართველოს მიერ ამ რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს გაუწევენ.

როგორც იურისტი განმარტავს, მანამ, სანამ კომიტეტი არ მიიჩნევს, რომ საქართველომ შეასრულა ყველა რეკომენდაცია, ხანუმ ჯეირანოვას საქმე დარჩება განხილვაში და სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.