„მე არ მახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე გვესაუბროს. იყო პირობები, რომლებიც მოგვეჩვენა, რომ შესაძლებელი იყო მოლაპარაკების პროცესში ერთი ან მეორე მხარისგან ყოფილიყო დასათმობი. ეს მოლაპარაკების მხარეებზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, ჩვენი რჩევები კორექტული იყო“, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ შეკითხვას, ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე იუსტიციის სამინისტროს დასკვნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მას დოკუმენტის შინაარსის დეტალები არ ახსოვს.
„დოკუმენტის შინაარსის დეტალები ნამდვილად არ მახსოვს. მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა. თუმცა, იქნებოდა რჩევები მიცემული, რომ საკითხებზე მოლაპარაკება უნდა მომხდარიყო და ამის შემდეგ ხელშეკრულების გარკვეული პირობების აწონვა“, – თქვა მან.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს ჩართვა არის სტანდარტული პროცედურა, როდესაც მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იდება სამინისტროს მიერ. ის ასევე გამოეხმაურა იმ 22 შენიშვნას, რომელსაც სამინისტრო დასკვნაში აღნიშნავს.
„22 შენიშვნის ავტომატურად და მექანიკურად გათვალისწინება, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ხოლმე. ერთია ხელშეკრულების პროექტის ექსპერტიზა და მეორე ის, რომ იუსტიციის სამინისტრო დადებულ ხელშეკრულებას და მის შესრულებას ამოწმებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„მთის ამბებმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ამ დრომდე გასაჯაროებული არ იყო. დოკუმენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასებას. დოკუმენტს ხელს აწერს მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.
აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დაწუნებულია ნამახვანჰესების კასკადი და უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს ამ დოკუმენტს.