სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ნინოწმინდის ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა.
„სოციალურ ქსელში ვრცელდება ბავშვთა სახლის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, სადაც არასრულწლოვნები სრულად არიან იდენტიფიცირებადი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო აღნიშნული ფაქტის – ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის – შესწავლა.
ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან“, – წერია განცხადებაში.