პანსიონიდან აღსაზრდელთა გამოყვანაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - საპატრიარქო

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

საპატრიარქოს განცხადებით, სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ. ხოლო პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ.

საპატრიარქოს აცხადებს, რომ პანსიონში სახალხო დამცველის შესვლაზე პრობლემის შესახებ მათ მედიიდან შეიტყვეს. მათი ჩარევის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა, ადგილზე არიან სოციალური მუშაკები და საპატრიარქო თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან. ამიტომ მიაჩნიათ, რომ აღსაზრდელთა დაუყონებლივი გამოყვანა თავად ბენეფიციართა უფლებებს დაარღვევს.

„ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან.

მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ბავშვის უფლება დაუზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის“, – აცხადებს საპატრიარქო.

ასევე საპატრიარქო მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რომ დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს.