ნინოწმინდის პანსიონიდან კიდევ 5 ბავშვი გამოვიყვანეთ - ჯანდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანას აგრძელებს. მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

უწყების ინფორმაციით, სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში გადაიყვანა.

შესაბამისად, ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნია უკვე გამოყვანილი. სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

„ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში, აგრძელებს მუშაობას.

ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.

ზემოაღნიშნული მოქმედებები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით ხორციელდება“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.