საჭიროა ქმედითი ნაბიჯები პანსიონის აღსაზრდელთა ინტერესებისთვის - ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე ორგანიზაციები მთავრობას

პუბლიკა

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებას ეხმაურებიან.

მათი შეფასებით, პანსიონში შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა და მოუწოდებენ მთავრობას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აუცილებელია დიდი ზომის დახურული ტიპის ინსტიტუციიდან ბავშვების გამოყვანა. თუმცა, ხელისუფლებამ ამ კრიზისის გადასაჭრელად სხვა ღონისძიებებსაც უნდა მიმართოს.

„მოცემული კრიზისის გადაჭრაზე მიმართული ძალისხმევა და ბავშვებზე ზრუნვა კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს, კერძოდ:

  1. კრიზისის მართვის (გარდამავალ) პერიოდში აუცილებელია ბავშვებისათვის დაცული, უსაფრთხო, მათი განვითარებისა და გადატანილ სტრესთან გამკლავებისთვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა;
  2. კრიზისის გადასაჭრელად, აუცილებელია ყველანაირი ძალისხმევა მივმართოთ ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებისკენ, ამისთვის კი საჭიროა – ოჯახების ხელშეწყობასა და გაძლიერებაზე ზრუნვა.

    იქ, სადაც ოჯახებში დაბრუნება შეუძლებელია, აუცილებელია ბავშვების უზრუნველყოფა ზრუნვის ალტერნატიული, ბავშვის უფლებებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფორმებით;

  3. წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭოს (IRCT) შეფასებით, ფაქტები, რომლებიც ამ დღეებში ყოფილი აღსაზრდელების საუბრიდან გამომჟღავნდა, უტოლდება წამებას და არასათანადო მოპყრობას.

    შესაბამისად, საჭიროა ამ სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება და ფაქტების დოკუმენტირება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ამისთვის უნდა შედგეს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი პროფესიონალებით (იურისტები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები);

  4. ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლი ვერ იშუშებს ფსიქოლოგიურ და მორალურ ჭრილობებს, თუ მართლმსაჯულების სამართლიანი პროცესი არ შედგა. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ძალადობის გამოვლენილ ფაქტებზე სათანადო მართლმსაჯულების პროცესის წარმართვა, რომელიც ყველა ჩართული სუბიექტის მხრიდან მომხდარის გამო პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე იქნება მიმართული.

    ეს მომხდარიდან გაკვეთილების გამოტანასა და შესაბამისად, სამომავლოდ, ინსტიტუციურ დონეზე ბავშვთა უფლებების დარღვევების პრევენციაშიც დაგვეხმარება;

  5. ამ დღეებში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც სახელმწიფო ზრუნვის  სააგენტოს თანამშრომლების თანდასწრებით მიმდინარეობს ბავშვების დაკითხვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვები იმყოფებიან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შესაბამისად, ძალადობის ქვეშ.

    აქედან გამომდინარე, აუცილებელია სპეციალურად მომზადებულმა პროფესიონალებმა (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები) იმუშაონ ბავშვებთან, შეაფასონ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში  კვალიფიციური დახმარება გაუწიონ ან გადაამისამართონ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სერვისებში.

  6. საყოველთაოდ ცნობილია და მტკიცებულებით გამყარებულია, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მაღალი რისკის ზონა.ამ რისკების აღმოსაფხვრელად, უკვე წლებია, რაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, ახორციელებს დეინსტიტუციონალიზაციის – ანუ, ბავშვთა დიდი ინსტიტუციების დაშლისა და ბავშვებზე ზრუნვის უსაფრთხო ალტერნატიული ფორმების დანერგვის სტრატეგიას.

    ჩვენს სახელმწიფოში არავის უნდა ჰქონდეს უფლება ბავშვებზე ზრუნვის საკითხებში წავიდეს სახელმწიფო სტრატეგიის წინააღმდეგ და შექმნას ბავშვთა ახალი დახურული ინსტიტუციები“, – ნათქვამია განცხადებაში.

პანსიონში შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად, ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას, გამოყოს სათანადო რესურსები და შექმნას კრიზისის მართვის  მულტიდისციპლინური და ინტერსექტორული ჯგუფი, რომელიც გადაუდებლად დაგეგმავს კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების ღონისძიებებს.

განცხადებას ხელს აწერს:

  1. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  2. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
  3. ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი
  4. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT ქუთაისი
  5. ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი – თბილისი
  6. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
  7. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  8. საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება და ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის
  9. მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი
  10. ბავშვთა და მოზარდთა თერაპიის სტუდია ფელიქსი
  11. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია GABP
  12. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
  13. საქართველოს EMDR ასოციაცია
  14. შეზღუდული შესაძლებლობის საქართველოს აკადემია
  15. ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი იდილია
  16. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
  17. ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი
  18. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი – მწვანე სახლი
  19. საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია
  20. ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის, გეშტალთ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი საქართველოში
  21. ააიპ „მშობლები განათლებისთვის“
  22. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია
  23. ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია
  24. კავკასიის გეშტალთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი
  25. საქართველოს ესოს ბავშვთა სოფელი
  26. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
  27. ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი „დიალოგი“
  28. ფსიქოთერაპიის სახლი კამარა
  29. თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი
  30. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  31. ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია
  32. პიროვნული და პროფესიული  გავითარების სივრცე „კაიკონა“
  33. ა(ა)იპ ღია სახლი
  34. საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია/GYPA
  35. საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი – „კონტაქტი“
  36. ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“
  37. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის აერთიანებს სფეროში ჩართულ 49 საზოგადოებრივ ორგანიზაციას.